დღეს წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მე მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდგომ გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ მართლა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ბატონი გიორგი წლებია ჩართულია განათლების სფეროში, იგი ძალიან კარგად იცნობს ზოგადად განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მე მჯერა, ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი.
მას აქვს ძალიან კარგი ხედვა, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლების საკითხებზე, მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული მინისტრი. ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე, იგი პარალელურად მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზე, ასე რომ, მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ყოფილ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს’“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.