"მოდით, ყველა ერთი წუთით დავფიქრდეთ თუ როგორ საქართველოში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს თუ რამდენად გაუმჯობესდა ვითარება დღევანდელ საქართველოში? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი ობიექტური პასუხი არსებობს: როგორც შავი და თეთრი ფერი ისე განსხვავდება 2012 წლის საქართველო და 2024 წლის საქართველო!", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგესალმებით ჩემო იმერლებო, მივესალმები ქუთაისს და მივესალმები იმერეთს! მივესალმები ჩვენს უღალატო თანამებრძოლებს, ჩვენს მაგარ ხალხს, განსაკუთრებით პოზიტიურ ხალხს, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებს, როცა ჩვენს სამშობლოს სჭირდება, დიდი მადლობა მეგობრებო თქვენი ერთგულებისთვის და თქვენი თანადგომისთვის!
მეგობრებო, მოდით, ყველა ერთი წუთით დავფიქრდეთ თუ როგორ საქართველოში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს თუ რამდენად გაუმჯობესდა ვითარება დღევანდელ საქართველოში? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი ობიექტური პასუხი არსებობს: როგორც შავი და თეთრი ფერი ისე განსხვავდება 2012 წლის საქართველო და 2024 წლის საქართველო!
ყველას კარგად გვახსოვს და არასოდეს არ დაგვავიწყდება თუ როგორი საშინელი მდგომარეობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე... შიში, ტერორი, ჩაგვრა, უსამართლობა სუფევდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს. ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ღვთისგან ბოძებული თავისუფლება, არ არსებობდა თავისუფალი სიტყვა, მედია, ბიზნესი... ხალხი საშინელი ძალადობის, ტერორის, წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. და გვახსოვს, რომ ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდნენ, უსამართლოდ იჭერდნენ უდანაშაულო ადამიანებს და ჯოჯოხეთურ ციხეებში ტანჯავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ართმევდნენ სახლ-კარს, ბიზნესს, ქონებას, ტელევიზიებს და სააკაშვილის რეჟიმმა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა! მთელი ქვეყანა და ხალხი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და ამ უბედურებასთან ერთად 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ხალხს თავზე დაატეხა საშინელი ომი, საშინელი განსაცდელი, რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ჩვენ დავკარგეთ დროებით 100-ზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა, რომელიც მანამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, სამოქალაქო პირები და ქვეყანაში სრულმა უიმედობამ დაისადგურა...
მაგრამ ასეთი განსაცდელის დროს პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოვიდა და ღირსეულად დაამარცხა ეს ბოროტება და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!
1 ოქტომბერს გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე! და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და დამარცხდა ბოროტი, ქართველი ხალხის მჩაგვრელი, ქვეყნის და ხალხის მოღალატე რეჟიმი!