"მინდა გითხრათ, რომ მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი - საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია." - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო მაშინ, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ. იცით, პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემ წინააღმდეგ - ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. ასევე იცით, რომ რაღაც პერიოდი აღარ ვიყავი პოლიტიკაში და მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია. დავბრუნდი პოლიტიკაში, და გაგრძელდა, რა თქმა უნდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ - რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ასე რომ, ყველაზე კითხვაზე არის გაცემული პასუხი. თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს პასუხს და, რა თქმა უნდა, თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა სასამართლოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.