დღეს ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანების უფლებას მთავრობა, ხელისუფლება იცავს და მომავალშიც ასე იქნება.
„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიხურა ეს საკითხი და მაშინ გამოცხადდა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს. ახალგაზრდებს მივმართავ და მინდა, თქვენ, ყველას შეგახსენოთ, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო?! 2012 წლამდე მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, მმართველი ელიტა, რომელიც იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს ევროპაში გადაადგილება არ შეეძლო. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი?! ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა?! დღეს ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დამთავრდა საუბარი, არ მივიღებ არანაირ კრიტიკას, რომ ჩვენ ძალისხმევა დავაკელით. ყველაფერი გავაკეთეთ და მივაღწიეთ, რომ ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. პროცესი გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.