მსოფლიოში სხვადასხვა ერს სჭირდება სიცხადე, პროგნოზირებადობა, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ვერ ვხედავთ, რა იქნება მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ და გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ვითარება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ, საქართველო, სომხეთი მცირე ქვეყნები ვართ, მაგრამ ძლიერი ერები. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი ერები მსოფლიოში და ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ სტაბილურობა და აყვავება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ერს სჭირდება სიცხადე, პროგნოზირებადობა. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ვერ ვხედავთ, რა იქნება მომავალში. ვის შეუძლია, მოაგვაროს ასეთი ტიპის პრობლემები? დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, ზესახელმწიფოებს.
ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, გავნმეორდები, მათ სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო და დავადასტურო, რომ საქართველო დაინტერესებულია, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, ჩვენი მუხლმოუხრელი და ბრძნული პოლიტიკით. ეს გახლავთ ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.