2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მივესალმები ყველას, პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. ბოლო 12 წელში მთელს მსოფლიოში უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.