საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელიც ხსნის ან არ ხსნის საარჩევნო ოლქებს ან უბნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებაში. საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ემსახურება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და თავად ცესკო იღებს გადაწყვეტილებას სად გახსნას დამატებითი უბანი და სად არა. “ -
აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დარჩიაშვილის თქმით, მოსმენისას მან ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოისმინა, თითქოს გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე.
„ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ეს ინფორმაცია არანაირ ფაქტს არ ეფუძნება“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიპლომატიური სტატუსის მქონე წარმომადგენლობის გახსნა ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი, წარმოადგენს „მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სრულიად უსაფუძვლო ნარატივს, რომლის მსგავსი პრაქტიკაც არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს“.
როგორც მინისტრმა დასძინა, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან წამოსული ზედაპირული ბრალდებებისა და ტყუილისა, დღევანდელი განხილვა მაინც სასარგებლო იქნება საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. „დღევანდელი მოსმენა მათ შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა გამოხატოს კონსტიტუციური უფლება და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“ ხაზგასმით აღნიშნა დარჩიაშვილმა.
პარლამენტში გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზღვარგარეთ გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებაც გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საზღვარგარეთ დაახლოებით 15-მდე ახალი საელჩო თუ გენერალური საკონსულო გაიხსნა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მოწოდებული ვართ, დადგენილი წესებით, კონვენციების შესაბამისად და მთავარი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, გავხსნათ საარჩევნო უბნები იქ, სადაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაციასთან დაკავშირებით“.
დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.