საქართველო ყოველთვის იყენებდა მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს, რათა მოგვეხდინა ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა პარტნიორებთან იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც არის ჩვენს რეგიონსა და რეგიონის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიუნხენში განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მიუნხენში შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„ეუთო, როგორც ცნობილია, არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით. მე ის მოვიწვიე საქართველოში და ველოდები, რომ ძალიან მალე ჩამობრძანდება საქართველოში და ადგილზე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც არსებობს ჩვენს რეგიონში. ასევე, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, რომელთანაც ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებზე. ასევე, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალ კავოლისთან, რომელიც არის სარდალი ევროპაში აშშ-ის ჯარების. მან ძალიან კარგად იცის ჩვენი ქვეყანა, იცის რეგიონსა და ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებული გამოწვევების შესახებ და მქონდა ძალიან საინტერესო აზრთა ურთიერთგაცვლა მასთან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, პარალელურად იმართება ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრები.
„მქონდა გაცნობითი შეხვედრა ჩემს ახალდანიშნულ ფრანგ კოლეგასთან. საფრანგეთი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და სწორედ მასთან თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ გზაზე, რათა გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. სწორედ ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად ორმხრივ ფორმატებში ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. გრძელდება ასევე შეხვედრები სხვა მიმართულებითაც. მე მექნება ასევე საორგანიზაციო თვალსაზრისით მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრებთ მასთან ერთად, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანესი პლატფორმის ფორმატებში და ესეც, დარწმუნებული ვარ, მოიტანს ახალ შესაძლებლობებს მომავალში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.