საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქ. ნიუ-იორკში, გაეროს საგანგებო სესიის ფარგლებში, სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემები.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის, ხელისუფლების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესისა და ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ. აღინიშნა, რომ არსებულ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა.
სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოხატა მზადყოფნა პრაქტიკული თვალსაზრისითაც გაუზიაროს ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება.
მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.