დასავლეთთან დაშორება „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანია, მიაჩნიათ, რომ დასავლეთი არის აგენტების ერთობლიობა, რომლებმაც რევოლუცია მოგვიწყვეს, მერე სადღაც ომი დაგვაწყებინეს, მერე უკრაინელები აცდუნეს და სხვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას თქვა.
მისი თქმით, შეთქმულების თეორია, რომელიც საზოგადოებას „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა ანტიევროპული და პრორუსულია, სწორედ ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი.
„მთელი დასავლეთი როდესაც გეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური საქციელი, ევროპაში ასე ვერ შევალთ და იმავეს ვაგრძელებთ. მთავარი პრობლემა არა რუსული კანონი, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ეს ნიშნავს ქართველი ხალხის ნების მოპარვას. ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ქვეყნის საგარეო კურსის გადახედვის საკითხი. დასავლეთთან დაშორება „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანია. მიაჩნიათ, რომ დასავლეთი არის აგენტების ერთობლიობა, რომლებმაც რევოლუცია მოგვიწყვეს, მერე სადღაც ომი დაგვაწყებინეს, მერე უკრაინელები აცდუნეს და ა.შ. შეთქმულების თეორია, რომელიც შემოგვთავაზეს ანტიევროპული და პრორუსულია. სწორედ ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი, მას შემდეგ რაც ზუსტად შეარჩია სამიზნე თუ ვინ მიათრევს მას არასწორი და არასასიამოვნო მიმართულებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, სანქცირების რეჟიმს არასდროს გულშემატკივრობდა, მაგრამ თუ ბრძოლა ნებისმიერი ფორმით უნდა გაგრძელდეს, ამ ბრძოლაში სანქცირება შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება.
„საეჭვო ტრაექტორია ნიშნავს ჩრდილოეთისკენ კურს, ქვეყნის მტერთან ჩახუტებას და მეგობრებთან ჩხუბს. სანქცირება არ არის გამოსავალი. სანქცირებას არც არასდროს ვგულშემატკივრობდი. მაგრამ თუ სხვა გზა არ არის და თუ რუსეთისკენ მივდივართ და ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველა ფორმით ვიბრძოლოთ, სანქცირება შეიძლება იყოს დამხმარე ამ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ. ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ამ კანონთან დაკავშირებით, უბრალოდ არასერიოზულია. იმდენად არასერიოზული, რომ არავინ ამას სერიოზულად არ იღებს ისე, როგორც არ იყო მოსაწონი, მისაღები ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ქართული ოცნების“ ერთი ორი ძალიანი ახლო მხარდამჭერის გარდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „გამჭვირვალობის ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით – არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.“