მისი თქმით, ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ყველა ოპოზიციონერი გაფრთხილებული იყო, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაევლოთ, რადგან ეს იყო „ქოცების“ სასარგებლო რეგისტრაცია. ხვიჩიას განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის ოპოზიციონერი და ვინ თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს.
„მე მინდა, ერთი „ჩათლახობის“ შესახებ მოგიყვეთ, რომელიც დღეს ოპოზიციის შიგნით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით დასრულდა ჩვენი ღონისძიება, რომ დღეს „ქოცებს“ კვორუმი არ ჰქონოდათ, ოპოზიციაში აღმოჩნდა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაფრთხილებული იყო რეგისტრაცია არ გაევლოთ, რადგან ეს იყო „ქოცების“ სასარგებლო რეგისტრაცია. როგორც ჩვენ გვაქვს თითქმის დადასტურებული ეჭვი და ამას გადავამოწმებთ, ბატონი როსტომ ჩხეიძე, ღვაწლმოსილი ადამიანი, სხვა პროფესიაში ცნობილი წარმატებით, დღეს იქცეოდა თაღლითურად და „ქოცების“ დასახმარებლად რეგისტრირდებოდა სხვა დეპუტატების სახელითაც. მან მხარი დაუჭირა სხდომის გახსნას და რეგისტრაციაში მიიღო მონაწილეობა არამხოლოდ თავისი სახელით, ნიკა მაჭუტაძის, თაკო ჩარკვიანის, გუბაზ სანიკიძის სახელით, რომლებიც დღეს საერთოდ არ ყოფილან, კიდევ სხვა ადამიანების სახელითაც. ჩვენ ამ ყველაფერს ამოვიღებთ, გავშიფრავთ, რადგან ვიცით, ვინ იყო და ვინ არა დარბაზში, გადაღებულია ვიდეო. მანამდე საბომ, რომელიც ზემოდან ათვალიერებდა დარბაზს, გამოიჭირა ბატონი როსტომი, რომ რამდენიმე სხვადასხვა ადგილას თითს აჭერდა ღილაკს და უყვირა, რას სჩადიხართ ბატონო როსტომო. ამის შემდეგ დაანება თავი ამას, თორემ ამ 4 ადამიანის გარდა მეტს დაარეგისტრირებდა და ღიად დაეხმარებოდა „ქოცებს“, რომ ჯარის გამანადგურებელი კანონის მიღება დღეს გაგრძელებულიყო. მინდა მედიამ იცოდეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიციონერი, ვინ „ქოცებთან“ შეკრული და ვინ თამაშობს მათ თამაშს, ეს მინდა ყველა ადამიანისთვის იყოს გასაგები. როსტომ ჩხეიძე, თუ მას ეს დაუდასტურდა, არის ჩვეულებრივი თაღლითი,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის. სხდომაზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ.