„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 14 მილიარდი მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოყოფილი და ამაზე ლაპარაკს ცდილობს, ოპოზიციას ვურჩევდი, რეალური კრიტიკით დაკავდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კითხვა დაუსვეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპული ფონდებიდან 14 მილიარდს მიიღებს. მათივე განმარტებით, ამ ფონდებზე წვდომა ექნებათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ.
„„Ქართული ოცნება“ თავისი არასწორი საგარეო პოლიტიკით ქვეყანას 14 მილიარდზე მეტს უშავებს. უბრალოდ, დიდად ნიჭიერები არც ოპოზიციაში არიან, რომლებიც კრიტიკის დროს შეცდომებს უშვებენ და შემდეგ „ქოცები“ ამ შეცდომებს ხელზე იხვევენ განა იმით, რომ ქვეყანას 14 მილიარდით და უფრო მეტით არ აზარალებენ, არამედ იმით, რომ ის 14 მილიარდი, რაზეც საუბარია, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოყოფილი და გამოყოფილია კონკრეტულ პროექტებზე. სწორედ ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“ და ამაზე ლაპარაკს ცდილობს, რადგან ურჩევნია, ოპოზიციის შეცდომებზე ილაპარაკოს. „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაში, არ ვიცი, არაკვალიფიციურობა თუ შეგნებული ცდუნება იყო იმის, რომ 14 მილიარდი კაი ციფრია და ვთქვათო. ოპოზიციას ვურჩევდი, რეალური კრიტიკით დაკავდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ გულწრფელი არ არის და ფონს გასვლას სადღეგრძელოებით ცდილობს“.
„„Ქართული ოცნება“ ძალიან სწორად მიდის, რითიც შეუძლია, ოპოზიციას ეხმარება. ცდილობენ, საკუთარი საქმე გააფუჭონ, თუმცა ისინი ოპოზიციის იმედად არიან, რადგან ხელისუფლებას ოპოზიცია ეხმარება, რომ შეცდომა ეპატიოს. ყველა გამოსვლა, დაპირება და რეგიონებში ჩასვლა გაჯერებული იყო იმ შეცდომებით, რაც მათ არ უნდა აწყობდეთ. „ქართული ოცნების“ არცერთი დაპირება არ მუშაობს. რაც მუშაობს, დაშინებაა იმით, რომ ჩვენ თუ არა, ომი იქნებაო და ასევეა მოსყიდვა. არც დაპირება და არც ხალხთან შეხვედრები არ მუშაობს, რადგან ყველას ესმის, რომ მთელი ამ კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ გულწრფელი არ არის და ფონს გასვლას სადღეგრძელოებით ცდილობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.