მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია - ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო! იმ ხალხის მდგომარეობა გაუარესდა, ვინც შეიძლება უკვე ზეიმობდა, -ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით არავის აზრი გათვალისწინებული არ არის. ხვიჩიამ პატიმრებს, ვისაც ამნისტია არ შეეხება, ბოდიში მოუხადა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ როგორი ცუდია ერთპარტიული მმართველობა.
„არ ვიცი, „ქართული ოცნება“ ასე რამ დააკომპლექსა - ამ ზაფხულს ასეთი რა მოხდა, ვისგან რა ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა არ იყო. შეუძლებელია “ამნისტიის შესახებ“ პროექტი ისე დაწერო, ისე მოიტანო და პარლამენტში ისე წარადგინო, რომ არც ერთი შენიშვნა გათვალისწინებული არ იყოს. როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ არც ერთი ისეთი იდეა არ ვთქვით, რომლის გათვალისწინებაც შეიძლებოდა - არ მინდა დავიჯერო, რომ ამას ჩვენს ჯინაზე აკეთებთ“, - განაცხადა ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.