განცდა მაქვს, თითქოს ოპოზიციას არაკვალიფიციურობაში და უიდეობაში ფულს უხდიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„მე მინდა, რომ ცვლილებების წელი იყოს და მგონია, რომ ცვლილებები, ჩვენი თავით უნდა დავიწყოთ. ანუ, თუ მართლა გინდა, რაღაცა შეცვალო, ჯერ შენს ირგვლივ უნდა შეცვალო სიტუაცია და სწორედ ამიტომ გვაწუხებს ჩვენ, ოპოზიციის თავს დამტყდარი უიდეობა და სწორედ ამის შეცვლა გვინდა. ანუ გვინდა, რომ ოპოზიციაში გაჩნდეს იდეები, იდეები იყოს განმსაზღვრელი, თანმიმდევრული და ხალხმა დაინახოს, რომ ოპოზიცია არის კვალიფიციური. მათთვის პასუხისმგებლობის მინდობა, შესაძლებელია და ა.შ... დღევანდელ სიტუაციას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ოპოზიციას თითქოს ფულს უხდიან არაკვალიფიციურობაში და უიდეობაში, ასეთი განცდა მრჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს მართლა სჯეროდეს იმის, რასაც ეუბნები",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.