"საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს რევანშისტები და შურისძიების მოყვარული ხალხი, მაგრამ ჩვენი პოზიციაა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა".
ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას: რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება?
„ვერ გეტყვით, თემურ ალასანია რას რა მოტივით საუბრობს. მე ზუსტად ვიცი ის, რომ ჩვენი პარტია კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას აღიარებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმა და კონცეფციაც გვაქვს, თუმცა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობენ რევანშისტები და შურისძიების მოყვარული ხალხი. ის ხალხი, რომელიც ადამიანების ყურადღების მიქცევას სულ იარაღის ჟღარუნით ცდილობს და ამათ ვერ დაუშლი, მაგრამ ჩვენი პოზიციაა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თემურ ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, ვისთვის და რისთვისაა მსგავსი გზავნილი გათვლილი, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:
„ქვეყნის შიდა გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც მხარს უჭერს, მათ შორის დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას. კონსოლიდაცია რომ მოხდეს ამ ამომრჩევლების, არა მხოლოდ „ნაცები“, სხვა პარტიებიც მათ ხშირად კვებავენ ასეთი ტიპის ლაპარაკებით “.