ორ ბანაკად გაყოფილი „ნაცმოძრაობის“ ფილიალები ვერ თანხმდებიან, რევოლუციის გზით უნდა წავიდნენ ბოლომდე, თუ თან რევოლუციის და თან არჩევნების, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას გამარჯვების თეორიული შანსიც კი არ აქვს, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც ვერ თანხმდებიან.
„რევოლუციის გზით თუ მიდიხარ, მაშინ არჩევნებში როგორ იღებ მონაწილეობას. არჩევნებში თუ იღებ მონაწილეობას, რაც თავისთავად კარგია, რადგან ეს არის გზა, თუ გინდა, საზოგადოებაში ნდობა მოიპოვო, მაშინ იმ რევოლუციურ კომიტეტს როგორ უერთდები? დედა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კი იმაზე ვერ თანხმდებიან, რევოლუციური გზის რა თარიღი აირჩიონ. უკვე იმდენად არიან შოკში, ზოგი ამბობს, მშვიდობიანი რევოლუცია, ზოგი ამბობს, ძალადობრივი რევოლუციაო გვინდაო. წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ეს ხალხი არჩევნებისთვის არ ემზადებოდა, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან და რევოლუციური მიზნები აქვთ, რაზეც ხან ამბობდნენ, ეს იყო სუს-ის მოგონილი, ხან ხელისუფლების მოგონილი და დღეს აღიარებენ, რომ დიახ, უნდათ რევოლუცია. წიგნს თუ გადაშლიან, ან წიგნის გადაშლა თუ დაეზარებათ, ინტერნეტში შევიდნენ და ნახავენ, რომ მშვიდობიანი რევოლუციის განმარტება არ არსებობს. ეს იგივეა, რაც დაახლოებით კეთილი ტერორისტი. რევოლუციის განმარტება მარტივად არის ჩამოყალიბებული, ეს არის ძალადობრივი გზით, ხელისუფლების დამხობის მეშვეობით არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა, შემდეგ შეიძლება, მეთოდები იყოს განსხვავებული. თუ ცდილობენ, „დააბოლონ“ თავისი ან სხვისი ამომრჩეველი, ეს იქნება შეუძლებელი. უბრალოდ, აქ საუბარია თარიღებზე, რაზეც ვერ თანხმდებიან. ნაწილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს იქნება რევოლუცია, ნაწილი ამბობს, მოდი, ყური დავადოთ მიწაზე და რევოლუციის გუგუნი თვითონ გვეტყვის, როდის მოვა რევოლუციაო. ეს პრობლემა უდგათ ახლა დედა ნაცმოძრაობაში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.