ვისმენთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებებს (რომლებშიც ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტანთ), რომ ევროპის მასშტაბით, სიტყვის თავისუფლებასაც ემუქრებიან - ნებისმიერი სტატია, რომლის გამოქვეყნებაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს სურთ, ცენზურას ექვემდებარება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ რამდენიმე თვის წინ დაანონსებულ პოლიტიკას აგრძელებს და საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება.
„ეს განაპირობებს იმას, რომ საზოგადოება ყოველთვის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. თითქმის ერთი წელია, ქვეყანა ინარჩუნებს სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, ასევე ჩართულია უდიდეს ეპოქალურ პროექტში ევროკავშირის მონაწილეობით. ეს არის, პირველ რიგში, საზოგადოების გადაწყვეტილების დამსახურება, რაც განაპირობა „ხალხის ძალის“ სწორმა პოლიტიკამ, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, და საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ გადაწყვეტილების სწორად აღსრულებამ. ამ შემთხვევაშიც ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მიზანი, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.
თავის დროზე ევროკავშირი დაფუძნდა იმ დიდ ევროპულ ღირებულებებზე, რომელთაც ეწოდება სუვერენული უფლება, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და სიტყვის თავისუფლება. თუმცა კანონის უზენაესობა, სამწუხაროდ, დაარღვია ევროკავშირმა ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადების საფუძველზე მაშინ, როდესაც მათ პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, კანონის გვერდის ავლით გაეთავისუფლებინა პატიმარი სააკაშვილი. სუვერენიტეტის პრინციპი მაშინ დაირღვა, როდესაც ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, რომელი ხელისუფლება უნდა აერჩიათ და რომელი - არა. ამავდროულად, როდესაც კორუფციის ინდექსით, პირველ ოცეულში შევედით და ევროპარლამენტში, კორუფციის ნიშნით, ევროპარლამენტარებს იჭერდნენ, ევროპარლამენტიდან ისმოდა განცხადებები, თითქოს, საქართველო კორუფციის ჭაობშია, რითაც სამართლიანობის პრინციპი დაარღვია. ახლა უკვე ვისმენთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებებს (რომლებშიც ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტანთ), რომ ევროპის მასშტაბით, სიტყვის თავისუფლებასაც ემუქრებიან - ნებისმიერი სტატია, რომლის გამოქვეყნებაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს სურთ, ცენზურას ექვემდებარება.
ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მედიასაშუალებები, რომელთა მიზანი არის საზოგადოების ზომბირება, სიცრუის ტირაჟირება და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ასეთი ტიპის ცენზურა არსებობს ევროპის მასშტაბით, გამოდის, რომ რა ღირებულებებიც ჩამოვთვალე: სუვერენიტეტი, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და სიტყვის თავისუფლება - ყველაფერი დაარღვიეს. ამიტომ ქართველ ხალს უჩნდება შეკითხვა: სად არის ნამდვილი ევროპული ღირებულებები? - ეს არ არის ევროპული ღირებულებები. ევროპული ღირებულებები იკვეთება მაშინ, როდესაც კეთდება განცხადება, რომ საქართველო თავსებადია ევროკავშირთან და როდესაც ამერიკის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა მსოფლიო უსაფრთხოებისათვის. ეს არის სიმართლე!“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.