„ევროკავშირის ელჩს ვინ უნდა დაუჯეროს, როდესაც ტყუილს ლაპარაკობს. ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თვითონ აქვთ გაჩერებული მოლაპარაკება. ჩვენ ვამბობთ, რომ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ მათ," -  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას. ამ უკანასკნელმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას შესახებ, სამწუხარო უწოდა. 

გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ ელჩის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ევროკავშირმა ჯერ კიდევ ზაფხულში გააჩერა და მას შემდეგ, მიუხედავად არაერთი წარმატებისა, რასაც საქართველო საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში აღწევს,  ბრიუსელი საქართველოსთან საუბარს არ აახლებს. მეტიც, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი ქვეყანას შანტაჟის ენით ესაუბრება. 

„ევროკავშირის ელჩის განცხადება თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციული და მისი პიროვნული ღირსებისთვის დამაზიანებელი იყო. ჯერ ერთი, ევროკავშირის ელჩმა ტყუილები იკადრა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ისაუბრა. კობახიძის განცხადება სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი -  ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თავად შეაჩერეს მოლაპარაკებები! როდესაც იმის ღირსი ვარ დაგველაპარაკო, რადგან შენივე ინსტიტუტები ყოველკვირეულად პოზიტიურად მაფასებენ და ამბობენ, რომ კარგად ვმეცადინეობ და ამ ძალისხმევის შედეგი 2030 წელს დადგება, შენ მაინც არ მელაპარაკები. ამ დროს კი, ესაუბრები იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც შენივე ინსტიტუტები ჩემზე უარესად აფასებენ. ეს სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი. 

გამომდინარე აქედან, ევროკავშირის ელჩს, როდესაც ტყუილს ლაპარაკობს, ვინ უნდა დაუჯეროს?  ჩვენ კი არ ვაჩერებთ, თვითონ აქვთ გაჩერებული მოლაპარაკებები. ჩვენ ვამბობთ, რომ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ მათ.  როდესაც ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლის საბაბი არ აქვს, მაშველი რგოლივით გადმოუგდებენ თემებს და ხან ეუბნებიან კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთ, ხანაც ფულს არ გადმოგირიცხავთ და ხანაც მოლაპარაკებებს  შევაჩერებთო. 
ჩვენ კი ვამბობთ, რომ არ გვინდა ასეთი ფული, რომელიც სხვათა შორის, არ არის ისეთი, რომ საქართველოს ეკონომიკას რაიმე ზიანი მიაყენოს. მაგრამ საუბრის ენა - შანტაჟი, არ არის პარტნიორული ურთიერთობების ენა - ეს თქვა ზუსტად ირაკლი კობახიძემ. ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას. როდესაც 2022 წლის ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, წლინახევრის განმავლობაში გავაჩერეთ მუშაობა? აბა როგორ მოგვცეს 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი? ახლაც ვაგრძელებთ ჩვენ მეცადინეობას და ამის დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. უბრალოდ ვამბობთ, როცა მომუშავე  ადამიანს არასამართლიანად უარს მეუბნები 2030 წელს გამოცდის ჩაბარებაზე, რითაც გავხდები ევროკავშირის წევრი,  აღარ მოგცემ შანტაჟის საშუალებას.

სწორედ იმიტომ, რომ შანტაჟი არ იყოს, ჩვენ  საკითხს დღის წესრიგიდან ვხსნით, მაგრამ არ ვამბობთ, რომ მუშაობას ვწყვეტთ. ჩვენ საქმიანობას გავაგრძელებთ და დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ 2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ როცა 2 წელიწადში გაიხსნება ევროკავშირის კარი (თვითონ თქვა ევროკავშირმა, რომ კარი 2030 წელს გაიხსნება, მანამდე არა), ჩვენ მზად ვიქნებით წევრობისთვის," -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.