გაბედავდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის კონსტიტუციის დარღვევას? – ვერასოდეს! ის ამას ვერც კი გაიფიქრებდა. აქ გაბედა, იმიტომ, რომ ეს არ არის მისი სამშობლო. - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ამ ადამიანმა საერთოდ დაკარგა იმის განცდა, რას წარმოადგენს და რისთვის აირჩიეს. ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ანგარიში და იქ იდგა მენტორი, რომელიც მთელ ქვეყანას ასწავლიდა, როგორ უნდა იცხოვრონ, მაშინ როდესაც თვითონ არ იცის, როგორ უნდა იცხოვროს. მე მას ერთ კითხვას დავუსვამდი: გაბედავდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის კონსტიტუციის დარღვევას? – ვერასოდეს! ის ამას ვერც კი გაიფიქრებდა. აქ გაბედა, იმიტომ, რომ ეს არ არის მისი სამშობლო. ეს არის მენშევიკური სულისკვეთებით გაზრდილი ადამიანი, რომელმაც ვერ მოიშალა მენშევიკების მსოფლმხედველობა და თვითონაც წმინდა წყლის მენშევიკია. მან აჩვენა, რომ საქართველო მის მსოფლმხედველობაში არ არის მისი სამშობლო. ეს, პირველ რიგში, იქიდან ჩანს, რომ 25 წელია, ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ქართული ენა ვერ ისწავლა. 25 წელიწადია, აქ ცხოვრობს და მისთვის მშობლიური ენა დარჩა ფრანგული და არა – ქართული, სამწუხაროდ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია კოალიციური მთავრობა, რაზეც სალომე ზურაბიშვილიც ხშირად საუბრობს, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ქართული ოპოზიცია არათუ კოალიციურ მთავრობას, კოალიციურ სუფრასაც კი ვერ მოაწყობს.
„მინდა, გაგახსენოთ ანა ნაცვლიშვილისა და სალომე სამადაშვილის ურთიერთობა, რომლებიც მიკროფონს ვერ იყოფენ და იქვე, ღია ეთერში აქვთ კამათი. მერე, ლამისაა, ერთმანეთს აფურთხებენ. ერთი პარტიის წევრები თუ ასეთ დღეში არიან მიკროფონის გულისთვის, რა კოალიციურ მთავრობაზე ვლაპარაკობთ, ეს ხომ ზღაპარია? ისინი კოალიციურ მთავრობას კი არა, კოალიციურ სუფრას ვერ მოაწყობენ და სამ სადღეგრძელოს ვერ გასცდებიან, ისე დააყრიან ერთმანეთს. საქართველოში კოალიციური მთავრობა იყო შალიკოს ფანჩატური“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, მსოფლიოში ახალი არქიტექტურა ყალიბდება და საქართველო სწორ გზას ადგას.
„კარგი არქიტექტურაა თუ ცუდი, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ის მსოფლიო დამთავრდა; დეგნანისა და ბაიდენის მსოფლიო დარჩა გუშინდელში კი არა, გუშინწინდელ დღეში. დღეს სხვა მსოფლიოა, რომელშიც არის ევროპაც, აზიაც, ახლო აღმოსავლეთიც, ჩინეთიც და ა.შ. აღარ არის ჰეგემონი, პოლიციელი; დამთავრდა პოლიციელი, გაუშვეს სახლში. ახლა დგება ახალი სამყარო და ამ ახალ სამყაროში საქართველოს, როგორც არასდროს, ისეთი კარგი პოზიცია გააჩნია. იმიტომ კი არა, რომ ეს გარემომ შეუქმნა, თვითონ შეიქმნა ეს პოზიცია ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც შეუკვეთა ქართულ მთავრობას და საქართველოს მთავრობამ განახორციელა სუვერენიტეტის აღდგენა, საკუთარი ინტერესების პრიმატის გამოცხადება ყველასთვის – ამერიკისთვის, ევროპისთვის, არაბული სამყაროსთვის, თურქეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ყველას უთხრა: მე ვიცავ ჩემს ინტერესებს, აქედან გამოვდივარ და მერე ყველაფერი დანარჩენი. გნებავთ ურთიერთობა? კი ბატონო. გნებავთ სტრატეგიული პარტნიორობა? კი ბატონო, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა სტრატეგიული პატრონობა არ არის. თქვენ არ იქნებით ჩვენი პატრონები, ჩვენ ვიქნებით საკუთარი თავის პატრონი. ხშირ შემთხვევაში, როცა თქვენი ინტერესები თანხვედრაში არ იქნება ჩვენს ინტერესებთან, თქვენს ინტერესებს გვერდით გავწევთ, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით მოხდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.