სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან სწორედ ეს შვიდი კანონი დღეს არეგულირებს განათლების ყველა საფეხურის სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე, მეცნიერებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ვინაიდან ხშირად საჭიროა მოქმედ კანონებში ცვლილებების შეტანა, სამთავრობო დონეზე გადაწყდა ერთიანი, კოდიფიცირებული, ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი იქნება.
„რაც დრო გადის, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ის საკითხები, რაც განათლების სისტემის რეფორმასთან არის დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ინფორმირებული. ორივე მიმართულებით, როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით ის კონცეფციები, რომლებიც ჯერ საზოგადოებას წარედგინა, ხოლო შემდგომში საკმაოდ აქტიური განხილვის საგანი იყო, საბოლოოდ მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. შესაბამისად, ის სავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტად გახდა და ჩვენი სამინისტროსთვის მთავარ მიზნად განისაზღვრა. ამავდროულად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სწორედ ამ რეფორმის კონცეფციის უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს სამინისტროში ძალიან აქტიურად მუშაობა განათლებისა და მეცნიერების ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან სწორედ ეს შვიდი მოქმედი კანონი დღეს არეგულირებს განათლების ყველა საფეხურის სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე, მეცნიერებას. რადგანაც ხშირად გვიწევს მოქმედ კანონებში ცვლილებების შეტანა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე, რომ შეგვემუშავებინა ერთიანი, კოდიფიცირებული, ახალი დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. იმედი გვაქვს, შემოდგომისთვის ის მრავალი ჯგუფი – ქვეჯგუფები შექმნილია სხვადასხვა მიმართულებაზე, ყველა სექტორის წარმომადგენელი და ექსპერტია ჩართული ამ პროცესში – დაასრულებს მუშაობას და უკვე სამთავრობო ინიციატივით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, ეს კანონპროექტი პარლამენტს შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისთვის წარვუდგინოთ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.













