"არ ვადასტურებ. ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან გამორიცხულია, რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან. თურმე, ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი, იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა? იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი?" - ასე გამოეხმაურა მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია "კურიერის" გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს.
"რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, რადგან პროცესები მიდის, რომ ავნონ ახლა ჩემს შვილს? არც მომისმენია, არც მინდა, არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე. და დღეს რატომ, კიდეც რომ ყოფილიყო...
გახარია საერთოდ აღარ მახსოვს, რაზეა ლაპარაკი..." - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, "კურიერმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არაა. სადაც სავარაუდოდ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საუბრობს ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებაზე, რუსულ ინტერესებზე და ახსენებს, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას.