ვფიქრობ თემის აქტუალობიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს ამონარიდები UNICEF ის მიერ ჩატარებული კვლევიდან: - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერი, "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
"• ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა.
• 2022 წელს 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი იღებს;
• 2022 წელს, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი გაიზარდა და გახდა 275 ლარი; 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 340 ლარით;
• საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ზრდასთან დაკავშირებით არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას.მთავრობის გადაწყვეტილებით დაინერგა სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპი და ჩამოყალიბდა სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება;
• 2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა;
• ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხი რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვებისათვის;
•კვლევის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებით მშობელთა კმაყოფილება მაღალია. კერძოდ, იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით, ზოგადი განათლების მიმართულებით კი ეს ციფრი 79.7% -აღწევს.
საგულისხმოა ისიც, რომ საზოგადოებრივ საბავშვო ბაღებში 3-4 ჯერადი კვებაა. უფასო სახელმძღვანელოები და ტრანსპორტირება, ასევე დიდი შეღავათია მშობლებისათვის."- წერს გიორგი ვოლსკი.