პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა. მისივე თქმით, მათ ერთი კონკრეტული ამოცანა აქვთ, რაც საქართველოში დესტაბილიზაციას გულისხმობს.
„ხაბეიშვილი და მასთან დაპირისპირებული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ახლა ცდილობენ, რომ პარტიის სათავეში მოექცნენ და სააკაშვილი ჩაანაცვლონ, მხარდაჭერილი არიან ერთი ცენტრის მიერ, ეს ერთი ცენტრი მაინც სააკაშვილის გარშემო ტრიალებს. ამ ჯგუფს არანაირი რესურსი არ აქვს, საქართველოს უკეთესი პროგრამა და უკეთესი ხვალინდელი დღე შესთავაზოს. იგივე მეორდება, როგორმე მოახდინონ ხალხის მობილიზება, რომ მიტინგებზე გამოიყვანონ. ამის იქით ხაბეიშვილის აზროვნება არ სწვდება. შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია. ხაბეიშვილი, მელია თუ თავმჯდომარეობის ის მესამე კანდიდატურა, რომლის გვარს ხშირად ვერ იხსენებენ. ამ რეალობაში ვანო მერაბიშვილი თუ გამოჩნდა, არაფერი გასაკვირი არ არის. ესენი არც ფერს და არც ზნეს არ იცვლიან. მიაჩნიათ, რომ ის სადისტური მმართველობა, რაც არსებობდა, სწორი იყო. მუდმივი გინება, დაძაბულობის შექმნის მცდელობა, საზოგადოებასაც მობეზრებული აქვს და პრაგმატულადაც, რომ ვიმსჯელოთ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვინც დესტაბილიზაციას მხარს დაუჭერს.
განცხადებები, რომელიც კეთდება, თავისი შინაარსით მეტყველებს, რომ ეს გაერთიანებები დაცლილია ინტელექტუალური რესურსისგან. როცა პარტიას ასეთი რესურსი არ გააჩნია, ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი; ვიომოთ იმისთვის, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს, რათა გავყვეთ იმ გეგმას, რაც შემუშავებულია, მათ შორის მეორე ფრონტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.