ქალბატონო პრეზიდენტო, ვის მხარეს ხართ? - ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როცა საქართველოს მოქალაქეობას უნარჩუნებთ, თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი?! - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო მარტივად მიეცემა როგორც საქართველოს მოქალაქე, არის ტყუილი არგუმენტი. როდესაც ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებითაა საუბარი, სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს, საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის. ამიტომ ეს არგუმენტი აბსურდულია. უფრო მეტიც, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მარტივი მაგალითი ვთქვათ - რუსეთის პასპორტით გადაადგილება ბევრ ქვეყანაში არის შეზღუდული, საქართველოს პასპორტით კი უვიზოდ შეუძლია გადაადგილება. საფინანსო ტრანზაქციები, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ დაყადაღების პროცესში ის, რომ ის მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელს შეუწყობს მისთვის ამ შეზღუდვების დაწესებას. ამიტომ ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ 3 თვე დაელოდება, სანამ ეს კაცი დაალაგებს მის საქმეებს საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი, ამიტომ პირდაპირ მივმართავ - ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როგორც არის მთელი „ქართული ოცნების“ დაჯგუფება, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს ხართ? ტყუილების კასკადია, რასაც ამბობთ. რუსული ბრძანება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, გასაუქმებელია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის მოქალაქეობასთან მიმართებით. უფრო მეტიც, როცა გადამწყვეტი საკითხები იდგა, თქვენ ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდით. მაგალითად: ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის შემთხვევაში, წარადგენდით კანდიდატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ სურდა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საბჭოს წევრების არჩევის შემთხვევაში, ყოველთვის წარადგენდით კანდიდატებს, ვინც „ქართულ ოცნებას“ სურდა, იუსტიციის საბჭოს შემთხვევაში, წარადგინეთ ადამიანი და დანიშნეთ, რომელსაც ხმა არ ამოუღია და კლანის განმამტკიცებელია. ამიტომ კითხვა ისმის: ვის მხარეს ხართ?! - ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში ხართ „ქართული ოცნების“ მხარეს! ასრულებთ „ქართული ოცნების“ და რუსულო რეჟიმის დავალებას, როცა არ იწყალებთ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ მორჩით ახლა ამ სისულელეებს, მარტივი კითხვაა თქვენთან: ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როცა უნარჩუნებთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი?! მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებას, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. და კიდევ, სამშაბათსა და პარასკევს შორის რა შეიცვალა?! სამშაბათს ითხოვდით დაუყოვნებლივ შეწყვეტას და პარასკევს გამოგვეცხადეთ - არა, ჯერ არ უნდა შეუწყდეს მოქალაქეობაო. (ეს ყველაფერი) მე მაფიქრებინებს, რომ ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან“, - განაცხადა ვაშაძემ.