12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ბლეფი საბოლოოდ დასრულდა. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა. ეს არის გუშინდელი ყველა შეხვედრის რეალური შეფასება - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ბატონი ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით მინდა „გამარჯვების პლატფორმისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეჯამება წარმოგიდგინოთ, რა დასკვნები შეიძლება აქედან გამოვიტანოთ. პირველი, პოლიტიკური კონსენსუსი და გადაწყვეტილება, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, არსებობს. მეორე, გავხდებით მაშინ, როცა მზად ვიქნებით. მესამე, ჩვენს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერ გავხდებით, ვიდრე რუსეთთან მოთანამშრომლე „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, დეკემბრის ბოლოს კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ. მეოთხე, ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, საბოლოო უარი არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ბლეფი საბოლოოდ დასრულდა. შესაბამისად, 9-დან 9-ვე პუნქტი შესასრულებელია და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და ამას ითხოვს საქართველოსთვის. ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს და ის, საქართველოს განიხილავს, როგორც მომავალში თავის სრულუფლებიან წევრს. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა. ეს არის გუშინდელი ყველა შეხვედრის რეალური შეფასება.
რაც შეეხება 9 პუნქტს, რომელიც შესასრულებელია - დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა ეს პუნქტები შესრულდება, დეპოლარიზაციისკენ გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც ესმით, რომ 12 რეკომენდაციის სრულფასოვან შესრულებაზე გადის. დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ამოცანას, რომელიც ჩვენს თაობას გვაქვს დაკისრებული ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე, აუცილებლად შევასრულებთ. „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს გზა აურიოს, რუსულ ორბიტაზე გადაგვიყვანოს, რადგან ხალხის ნებას ისინი ვერაფრით დაუპირისპირდებიან. ძალა ერთობაშია, აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ვაშაძემ.