კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ადამიანის უფლებების ნაწილში“.
მისი თქმით, ქართული ფინანსური სისტემა თუ ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს მოემსახურება, დასანქცირების საფრთხის წინაშე დგება მთელი ქართული ფინანსური სექტორი.
„ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გამოაცხო. პირველი, ეს არის ფარცხალაძესთან დაკავშირებული განცხადება, რომ ეროვნული ბანკი თურმე არაკონსტიტუციურად იქცევა. ეს განცხადება ნიშნავს, რომ კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. ქართული ფინანსური სისტემა თუ ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს მოემსახურება, დასანქცირების საფრთხის წინაშე დგება მთელი ქართული ფინანსური სექტორი, რაც ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკურ გაუბედურებას, დეფოლტს, გაღარიბებას, არ გვექნება წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან. თავი დავანებოთ იმას, კობახიძე რომ სახელმწიფო დეპარტამენტს თავს ესხმის. საქართველოს მოქალაქეებზე ურო მნიშვნელოვანი ყოფილა, თურმე ჯაშუში ფარცხალაძე. სანქცირებულ პირებს თუ მოემსახურება ქართული ფინანსური სექტორი, ტოტალური კატასტროფა მოხდება, ვისაც საბანკო ანგარიშები გაქვთ, ყველას შეეზღუდება ამ ანგარიშებით სარგებლობა. სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს მთელ ქართულ ფინანსურ სექტორს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანვე ევროკავშირის რეკომენდაციების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირს ცრუ რეფორმებს ვერ შეატყუებენ და ხელისუფლებამ ქართველი ხალხისთვის მოიგონა ახალი „ბლეფი“, თითქოს ოთხი პუნქტის შესრულება დაიწყეს.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ ევროკავშირის რეფორმებს ატარებენ, მთელ მათ სპეკულაციას წერტილი დაუსვა ბორელმა. ევროკავშირს და ვერავის, ცრუ რეფორმებს ვერ შეატყუებენ და ქართველი ხალხისთვის მოიგონეს ახალი „ბლეფი“, ვითომ ოთხი პუნქტის შესრულება დაიწყეს. ხელთ მაქვს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც თვითონ გააუარესეს და ახლა ვითომ ცვლილებას იღებენ, მაგრამ პრეზიდენტის როლს კი არ აბრუნებენ, რომ მას წარედგინა ცესკო-ს თავმჯდომარე, ისევ შალვა პაპუაშვილმა უნდა წარადგინოს და 76 ხმით დაამტკიცებენ და არა 90-ით. ამ ტყუილს არ შეჭამენ ჩვენი პარტნიორები. უნდათ, მოქალაქეებს შეატყუონ, ვითომ რამეს აკეთებენ. იმპიჩმენტის პროცედურას არ აჩერებენ, რაზეც პირდაპირი მოწოდებაა. დეოლიგარქიზაციის უკრაინის მოდელი ვერ შეატყუეს ვერავის და ახლა ამბობენ, მოლდოვურ მოდელზე გადავდივართო, საარჩევნო კოდექსში ვხედავთ რა ხდება. სასამართლოში კლანის წევრები ისევ დიდ უპირატესობაში არიან და დეკლანიზაცია თუ არ მოხდა, არაფერი მოხდება. დეოლიგარქიზაცია კი არის დებიძინიზაცია, დეფარცხალაძიზაცია, დეკალაძიზაცია და დეღარიბაშვილიზაცია, ოთხი ოლიგარქი გვყავს რეალურად საქართველოში. ამას არ ეხება და კიდევ ერთი დიდი ტყუილია, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი აურიონ. პირდაპირ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში არიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.