„ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ პასუხობს, ხელისუფლება, რომელიც მოწყვეტილია ხალხს, ის არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც ვაშაძე და ხაბეიშვილი მოსახლეობას საწვავის ფასების ზრდის საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ
„5 დღეა ერთ კითხვას ვუსვამთ ირაკლი კობახიძეს - სად მიდის ლიტრი საწვავიდან 1.50 ლარი?! დარწმუნებული ვარ ახლა გვიყურებს პირდაპირ ეთერში ისევე, როგორც მთელი საქართველო და კიდევ ერთხელ განმეორებით ვუსვამ კითხვას - რამდენ ხანს აპირებ დაემალო კითხვას, სად მიდის ლიტრი საწვავიდან 1.50?! უნდა გამოხვიდე და ამას პასუხი გასცე, როცა გქვია პრემიერ-მინისტრი, როცა გინდა რომ დიდი კაცი იყო ამ ქვეყანაში, ერთხელ მაინც ხომ უნდა გასცე იმ კითხვას პასუხი, რაც საზოგადოებას აწუხებს?!
მე მინდა რამდენიმე ჩვენი მოქალაქის მონაწერი წაგიკითხოთ, როცა ფასებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ:
ბატონი ზუკა რთველაშვილი, რომელიც ფეისბუკზე მწერს: ნომერ პირველი პრობლემა ჩემი აზრით ფასებია საქართველოში, ჩემი მეგობარი საფრანგეთიდან ჩამოვიდა ცოტა ხნით, იქეთ ცხოვრობს მთელი ოჯახით, კარგი ცხოვრება რომ არაა აქ მაგიტომ. მაღაზიაში, რომ შევედით სამიოთხჯერ დიდი ფასებია აქ და ყველაზე დიდი პრობლემა ამ ამბავში ისაა, რომ ფასები იმატებს და ანაზღაურება იგივე რჩება ქვეყანაში.
იგივე მინდა წაგიკითხოთ დიანა ბირკაიას მონაწერი, სხვათა შორის ლევან ეს ფასები შენ, რომ გამოაქვეყნე ამის შემდგომ მოგვწერა ქალბატონმა და ცოტა გაგვაკრიტიკა. უფრო ნაკლები ღირდა მიშას დროს რძეც, ზეთიც, აქ კიდევ უფრო ძვირი ფასებია. მაგ დროს ვმუშაობდი მოლარედ მარკეტში და ვიცოდი ზეპირად ფასები: სულგუნი ღირდა 7 ლარი, იმერული - 4 ლარი, მაქსიმუმ 5, ზეთი - 1.50, პური - 0.60 თეთრი.
აი ამ რეალობაში ვცხოვრობდით და ირაკლი კობახიძეს და ივანიშვილს მათი მხარდამჭერის მონაწერიც მინდა ვუთხრა, ყოფილი მხარდამჭერის ალბათ, ვიმედოვნებ. ქეთინო თოთაძე - არ ვარ ნაცი, 6 სულიანი ოჯახი მყავს, ყველი, რძე, ხორცი, კარაქი, ხილი ყველაფერი გაძვირდა და ბავშვებს რა უნდა ვაჭამოთ არ ვიცით! კიდევ ბევრი პროდუქტია, რასაც ვერ ჩამოვთვლი არადა ,,ოცნებას’’ მივეცი ხმა, ნელ-ნელა ვკვდებით ადამიანები, ვისაც არ გვაქვს იმდენი, რომ თვიდან-თვემდე ვიარსებოთ.
ანუ ნახეთ რა ხდება - მთავრობა გვეუბნება, რომ ეს ყოფილა ძალით შემოტანილი საკითხი და ის რაზეც თვითონ საუბრობენ ყოფილა ნამდვილი პრობლემა.
დიახ, ეს არის პრობლემა - შემოსავლები მცირდება - ფასები იზრდება, სამუშაო ადგილები არ არის, ვინც მუშაობს 300-500-600 ლარი აქვს ხელფასი - ეგ სამუშაო ადგილად ვერ ჩაითვლება და გაზრდილი ფასების პირობებში, როცა ადამიანი შედის სუპერმარკეტში თუ მაღაზიაში საყიდლად და ბაზარში როცა მიდის, ყოველ შემდგომ დღეს მისი შემოსავალი უფრო და უფრო ნაკლებია.
ყოველ შემდგომ დღეს პენსიონერის პენსია უფრო ნაკლებს ყიდულობს. ტაქსის მძღოლებს შევხვდით კატასტროფულ მდგომარეობაში არიან: საწვავის ფასი კოლოსალური, აქეთ კიდევ ჯარიმები დაამატეს, იქეთ კიდევ ლიცენზიები მოუმატეს, ასევე კიდევ რაღაც შემოწმებები დაუმატეს, ტაქსით რომ დადის იცავს თუ არა ლიცენზიას, ხალხი წელიწადში ორჯერ აკეთებს ტექდათვალიერებას.
მე კითხვას ვუსვამ ღარიბაშვილს, ივანიშვილის პარტიას, კობახიძეს ყველას აბსოლუტურად - როგორ უნდა იცხოვრონ ამ ადამიანებმა?! აგერ ჩემს გვერდით, ერთ-ერთი ღონისძიების დროს, იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი და მეუბნება, რომ ორჯერ გამომიწერეს 200 ლარიანი ჯარიმაო 2 დღის შუალედში, მივედი და ვთხოვე, რომ არ მაქვს 200 ლარი, იქნებ გადამივადოთ, იქნებ რამე გააკეთოთ და იცით რა უპასუხა წარმომადგენელმა? გაყიდე მერე მანქანა და გადაიხადეო.
ტაქსის მძღოლმა მანქანა, რომ გაყიდოს, ოჯახი რითი უნდა არჩინოს?! აი ამ რეალობაში ცხოვრობს საქართველო და საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი!
კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, აქედან კითხვა დავუსვათ ივანიშვილის პარტიის წევრებს, პირადად ივანიშვილს, რომ გამოჩნდა და დაიმალა, მიიმალა ამ ქვეყნიდან, წელს კიდევ ერთხელ გამდიდრდა, ხალხი რომ კიდევ უფრო გაღარიბდა - სინდისი არ არის ხალხო?! გამოდით და ამ კითხვებს გაეცით პასუხი, რამდენ ხანს უნდა დაემალოთ იმ ნამდვილ პრობლემებს, რაც რეალურად ხალხს აწუხებს?! ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ პასუხობს, ხელისუფლება, რომელიც მოწყვეტილია ხალხს, ის არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას’’, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.