დღეს ჩვენ არ ვართ მზად, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე ვისაუბროთ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურიც არის, რადგან ამ მემორანდუმის გაფორმებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული და ჩვენ ახლა ვართ ნეიტრალური კანდიდატების შერჩევის აქტიურ პროცესში, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა შარაშიძეს ჰკითხა: ვინ შეიძლება, იყოს მათი თბილისის მერობის კანდიდატი და რა კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს ის.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, მათი მოდელი ნიშნავს ორი ტიპის კანდიდატის არსებობას.

„პირველი, ეს არის პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი, ვისაც ექნება ჩვენი, ორივე პოლიტიკური ძალის სრული მხარდაჭერა. ასევე ექნება საზოგადოების გაცილებით ფართო ფენების მხარდაჭერა, როგორც ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც რეალურად, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან, მაგრამ არ მიყვებიან მათ გეგმას, რომ ბოიკოტი არის მთავარი, ყველაზე ეფექტური გზა დღეს „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში, აპირებენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საარჩევნო ყუთთან“, – განაცხადა შარაშიძემ.

მისივე თქმით, მეორე ვარიანტია, რომ სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება, შეეხოს, როგორც მერობის კანდიდატებს, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.

„ჩვენ შეიძლება, შევთანხმდეთ ჩვენს პარტიულ კანდიდატებზეც, მაგრამ აქ მთავარი პირობა გახლავთ ის, რომ ბუნებრივია, ყველანაირი კონკურენცია ჩვენსა და „კოალიცია – ძლიერ საქართველოს“ შორის გამორიცხულია. ეს ლოგიკა არის შემდეგი, რომ დღეს, არსებული უთანასწორო ბრძოლის პირობებში, ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ერთმანეთთან კონკურენციაში კი არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი რესურსები, არამედ ჩვენი რესურსები უნდა გავაერთიანოთ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა შარაშიძემ.