ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი პროცესია - „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ხომ ჯონდომ ბონდო დააორსულა“ - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის იდეების, ღირებულებების საკმაოდ დიდი დეფიციტი. ნიკო გომელაურისა არ იყოს - „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ხომ ჯონდომ ბონდო დააორსულა“. დაახლოებით ასეთი პროცესია, ვინ ვის უერთიანდება, ვინ ვისზე ქორწინდება, პოლიტიკოსები დგანან  ჩოთქით, ითვლიან, ანგარიშობენ, ზომავენ სად მოხვდნენ, როგორ გაინაღდონ მომავალ პარლამენტში ადგილი, რომ შემდეგ ისევ განქორწინდნენ, დაიშალონ და ჩვენ ვუყურებთ...

ამ ჩარჩების ხელში საქართველოს პარლამენტი დღეს გადაქცეულია თავის ოპოზიცია-პოზიციანად მილიონერთა კლუბად, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ისინი ზრუნავენ საკუთარ ბიზნესზე, საკუთარ ქონებაზე, მათ სხვა არაფერი ანაღვლებთ. ხოლო ქართველი ხალხისათვის, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა გადაიქცა ციხედ, ჩვენ გადავიქეცით ლტოლვილებად, ხიზნებად ამ ქვეყანაში და  ამიტომაცაა სწორედ დიდი გადასახლება, დიდი გადინება, გაქცევა ხდება ქვეყნიდან“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.