ქოლ-ცენტრების თემა იდეალური მაგალითია, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ისხდნენ ერთად და თაღლითურად ჰპარავდნენ ფულს ევროპელებს - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს ქოლცენტრების თემა, არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად ისხდნენ და თაღლითურად ფულს ჰპარავდნენ ევროპელებს და ახლა, დღეს კიდევ, ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში და ცდილობენ, რომ ერთმა ერთს დააბრალოს, მეორემ მეორეს და შენ კიდევ, საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ფასი ამისი უკვე გადაიხადა. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამის ფასს ვინმე არ გადაიხდის? ამის ფასს თითოეული ჩვენგანი გადაიხდის. ამის ფასს გადავიხდით ყველა ჩვენ, იმიტომ, რომ რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ. რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, აი ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თურმე, ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ჰპარავს ფულს. მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ამ თაღლითს, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას: აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია, ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან და საბოლოო ჯამში ამ განაჩენს გამოუტანენ ვის? - რიგით მოქალაქეს და ჩვენს შვილებს. მორჩა, ამიტომ არ უნდათ. ესენი ახლა, რეალურად, რასაც აკეთებენ ერთმანეთზე გადაბრალებით, ცდილობენ, თავისი მოპარული ფული დაიცვან”, - აცხადებს გახარია.