ნუ გვეშინია, რევოლუციაც კარგია, მომხრე ვარ, რომ უსამართლობა დასრულდეს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. შტაბის და პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებობს გეგმა, რომელიც განხორციელდება სავარაუდო გადაწყვეტილებიდან, რასაც მოსამართლე მიიღებს. იქნება ან გეგმა A, გეგმა B ან გეგმა C”,- განაცხადა ჩალაძემ.
მისივე განმარტებით, სამართლიან პროტესტს ხალხი მართავს და ამას ვერავინ შეაფერხებს.
„მოლოდინი არის ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნიდან დროულად გაიყვანენ. თუკი ეს ასე არ მოხდება, სამართლიანი პროტესტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია მწიფდება, მიიღებს იმ პროცესებს, რომელსაც თვითონ ხალხი მართავს, ვერ გააჩერებთ ვერავის“, - აცხადებს ჩალაძე.
კითხვაზე, რამდენად სწორია ამ კონტექსტში სიტყვა ომის გამოყენება, ჩალაძე განმარტავს, რომ ეს სამართლიან პროტესტს გამოხატავს.
„ნუ გვეშინია, რევოლუციაც კარგია, მე მომხრე ვარ, რომ უსამართლობა დასრულდეს. ნებისმიერი ფორმა, რა საჭირო გახდება, უნდა დასრულდეს ეს უსამართლობა“, - განაცხადა ჩალაძემ.
მისივე თქმით, სიტყვა ომით პროპაგანდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ტანკებით დადიოდნენ, არის მიუღებელი.
„თუკი პროტესტის მონაწილეების სამართლიანი მოთხოვნა არ კმაყოფილდება, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, პროცესი ავტომატურად აჩვენებს. სიტყვა ომის პროპაგანდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ტანკებით დადიოდნენ, არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ დაცინვა. ამით ვინმეს დამუნათება არის სირცხვილი და კგბ-ს მეთოდები. ადამიანების სამართლიან პროტესტს წინ ვერავინ დაუდგება“, - განაცხადა ჩალაძემ.