„პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება. ასევე, მინდა ყველა პატრიოტს მივულოცო ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილე, იმ რევოლუციისა, ის მოვლენა, რომელმაც საქართველო აქცია თანამედროვე სახელმწიფოდ. ამ წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში იმ ინსტიტუციების შექმნა, რამაც საშუალება მოგვცა დღეს ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად." - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

"ვისაუბროთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და ეს ყველაფერი რეალობა იყოს. მე მინდა მივულოცო ყველა პატრიოტს განურჩევლად პარტიულობისა, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პატრიოტ პოლიციელებს, რომლებიც წარმოადგენენ იმ პოლიციას, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილის გუნდმა, ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარს, რომლებიც ასევე არიან სამშობლოს სადარაჯოზე და რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

მინდა მივულოცო ყველა პედაგოგს, რომელიც დღეს სულ სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე იყო ვარდების რევოლუციამდე, მინდა მივულოცო ლექტორებს, მოსწავლეს, სტუდენტს. ის, რომ მათ არ სჭირდებათ ჩაწყობით და ფულის გამოყენებით გამოცდების ჩაბარება, მივულოცოო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც სარგებლობს იუსტიციის სახლების სერვისით და ყველა ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია ნორმალური, ცივილიზებული საქართველო. მინდა მივულოცო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც მიუხედავად ოკუპანტის ყოველდღიური აგრესიისა, პროვოკაციებისა, ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა, მკვლელობისა, ისინი მედგრად დგანან სამშობლოს სადარაჯოზე და იციან, რომ ჩვენი ერთიანობით საქართველო, ჩვენი მეგობრების დახმარებით აუცილებლად მშვიდობიანად გამთლიანდება. მინდა ყველა საქართველოს პატრიოტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე, რომლებსაც ქვეყნის სიდუხჭირის, თავდასხმების და სხვა მრავალი მიზეზის გამო დატოვა საქართველო, მაგრამ იმედი აქვს, რომ დაბრუნდება, მომავალს იმედით უყურებს და სურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, მშვიდობიანი, ერთიანი, გამთლიანებული, ცივილიზებული, ქართული მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. დღეს, როგორც არასდროს ვარდების რევოლუციის იდეები არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ რაც ჩვენ შევძელით მომავალში გაგრძელდეს, რაც ვერ შევძელით და სადაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ყველამ ერთად გამოვასწოროთ ერთობლივი ძალისხმევით.“  - განაცხადა გიორგი ბარამიძემ