სალომე ზურაბიშვილი ხშირად ოპოზიცია-პოზიციის ჯინაზე მოქმედებს, ამ მიდგომით ის ლიდერად ვერ იქცევა -  დღის წესრიგს ვინმეს ჯიბრზე ვერ შექმნი, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

„რა უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს პრეზიდენტ ლიდერად, შეასრულოს ქვეყნისთვის ისტორიული როლი, რაზეც მასაც ალბათ ბევრჯერ უფიქრია. 
"იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის", "შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი", ეს ოპოზიციური საზოგადოების მოთხოვნებია. მიჰყვეს "არა და არასდროს" გზას და ოცნებას ფეხებში არ აებლანდოს.  ამას ითხოვს მისგან ხელისუფლება. მეჩვენება, რომ ზურაბიშვილი ხშირად ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის ჯინაზე მოქმედებს. თავი დავანებოთ, ამ მიდგომის მიზანშეწონილობას. ამ მიდგომით ის ლიდერად ვერ იქცევა. დღის წესრიგს ვინმეს ჯიბრზე ვერ შექმნი.
რა უნდა იყოს ჩვენი დღის წესრიგი?
პატარა ისტორიული პარალელი/გადახვევა. წარმოვიდგინოთ, რომ ერთის მხრივ, პრეზიდენტ გამსახურდიას 1991 წელს საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა და მეორეს მხრივ ე. შევარდნაძეს, არა ჯაბა იოსელიანის და სხვათა ხელით დაემხო გამსახურდია, ყველა თავისი თანხლები უბედურებით, არამედ მიეღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძე მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდა, გამსახურდია ამას ყველაზე უკეთ გრძნობდა, რომ მისი ვიზავი სწორედ შევარდნაძე იყო და რეალური პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია მის წინააღმდეგ სწორედ მას შეეძლო. ჩემი აზრით, ამ ჰიპოტეტურ არჩევნებში ისევ გამსახურდია გაიმარჯვებდა, თუმცა ოპოზიციას მკაიფიო ლიდერი ეყოლებოდა და პოლიტიკური პროცესი ბალტიის რესპუბლიკების მსგავსი უფრო იქნებოდა და არა ის რაც მივიღეთ. ეს ჰიპოტეზა იმის საილუსტრაციოდ არის, რომ მესამე პირებით, დუბლებით, კულისებიდან თუ ლიდერების ციხეში გამომწყვდევით პოლიტიკა ყოველთვის ფეთქებადი იქნება. მესამე პირებს თითქმის არასდროს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა. ამიტომ ისინი მოქმედებენ როგორც კიტოვანი, იოსელიანი, კობახიძე, ღარიბაშვილი და ასშ. 
დღესაც ყველაზე სწორი გამოსავალია - სააკაშვილის განთავისუფლება; ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება; საერთაშორისო მონაწილეობით არჩევნების ჩატარება; ამაზე შორს ახლა არ წავალ, რადგან ეს უკვე ევროპული დემოკრატიისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ გადადგმული.
გასაგებია, რომ ივანიშვილის პირობებში ასეთი განვითარება წარმოუდგენელი სჩანს და არც არაფერი სჩანს ჰორიზონტზე, ვინც მას ამას აიძულებდა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ - რა უნდა ქნას ზურაბიშვილმა, რომ ჩამოყალიბდეს პრეზიდენტ ლიდერად? პასუხია - უნდა მიაღწიოს იმას, რაც ზევით აღვწერე. როგორ? 
ა. უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური აქტორის საარჩევნო პროცესში მონაწილეობა
ბ. გაუკეთოს ამ არჩევნებს საერთაშორისო მხარდაჭერის კამპანია.
ვ. იყოს ამ
პროცესის წარმმართველი და ამავე დროს არბიტრი
შევარდნაძე-გამსახურდიას ისტორია სწორედ ამ კუთხით გავიხსენე. თუ ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები რეალურად წყვეტდეს ჩვენს პრობლემებს, მასში რეალური ფიგურები უნდა მონაწილეობდნენ, ეს სხვა პოლიტიკური აქტორებისთვისაც მნიშვნელოვანია. ნებისმიერი არჩევნები უსამართლო და არაკონკურენტული იქნება თუ მასში არ ექნება სააკაშვილს მონაწილეობის უფლება, ისევე როგორც სულ ყოველთვის თოჯინების თამაში იქნება, სანამ ივანიშვილის ნაცვლად კობახიძე/ღარიბაშვილი ილაპარაკებს. 
კი მაგრამ, რა უნდა ქნას ზურაბიშვილმა? 
პირველი ნაბიჯით - სააკაშვილის განთავისუფლებით - აიძულოს ივანიშვილს  ბუჩქებიდან გამოსვლა. დიახ ასეა, ივანიშვილი უნდა გამოვიდეს გარეთ და ამას ის მხოლოდ მაშინ იზამს თუ სააკაშვილს დაინახავს გარეთ. შეიძლება ძალიან შუასაუკუნობრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ არც ივანიშვილია იქედან შორს და არც ჩვენი სახელმწიფო. ვისაც ესმის რა ხდება ჩვენს გარშემო, უბრალოდ ესმის ქართული პოლიტიკა, დამეთანხმება, ამ ორი პოლიტიკური ფიგურის ბრძოლა კიდევ წინაა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს შანსი - ეს ბრძოლა საარჩევნო, კონსტიტუციურ კალაპოტში წარიმართოს. იყოს არბიტრიც და მანდილის ჩამგდებიც თუ საჭირო გახდება. სხვა მხრივ ეს ბრძოლა კატასტროფულ ფორმებს მიიღებს. დიახ, ამისთვის მტკივნეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რკინის ნებისყოფით მართოს ეს პროცესი, მაგრამ ლიდერობა სწორედ ეს არის - გქონდეს ხედვა, იცოდე გზა, მიდიოდე ამ გზაზე და გყოფნიდეს გამბედაობა ერიც წაიყვანო. 
აი ეს შუძლია/ უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა თუ აქვს ამბიცია იქცეს საქართველოს ისტორიულ ლიდერად, რომლითაც მისი წინაპრები იამაყებდნენ“,- წერს გიგი უგულავა.