ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას "MEGOBARI ACT"-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირველად 90-იანი წლების შემდეგ საქართველოს აქვს შანსი, რომ საბჭოთა ჭაობის რუსულ გავლენას თავი დააღწიოს, მიაღწიოს მაქსიმალურ დაცულობას მტრის აგრესიისგან, ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალი, დასავლური სამყაროს წევრი გახდეს.
მისივე თქმით, დღევანდელ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ერთი მხრივ ევროკავშირისგან გვაქვს მკაფიო შემოთავაზება, რომ ევროინტეგრაციის გზა ხსნილი გვექნება, თუ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ამას ირჩევს, ხოლო მეორე მხრივ ამერიკის ბოლოდროინდელი სიგნალებიც იმავე შინაარსის მატარებელია.
„ერთ მხარეს გვაქვს გზა, სადაც საქართველო დასავლური ქოლგის ქვეშ იქნება დაცული, მიაღწევს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალ სამყაროში თავისუფალ გადაადგილებას, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილის რეჟიმის გზა - ჩვენს მტერთან შეკვრა, საქართველოს იზოლაცია, უფსკრულში გადაჩეხვა და თაობების გაწირვა, როგორც უკვე აქამდე რამდენიმეჯერ მოგვივიდა.
90-იანებში არ ჰყავდა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უნდოდა ან შეეძლო ჩვენი ეროვნული ინტერესების შესრულება, რის გამოც ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთისგან განსხვავებით ჩვენ უკრაინასთან ერთად ეს შანსი ხელიდან გავუშვით. სწორედ ამ გაშვებული შანსის ფასს ვიხდით და გადავიხადეთ ჩვენ და უკრაინამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე“ - თქვა ბოკერიამ
ბოკერიამ ასევე დასძინა, რომ ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების გარეშე საქართველო ამ შანსს კვლავ ხელიდან გაუშვებს.
„მთელი ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს, როდესაც ეს გზა ხსნილი გვაქვს, სრული კონცენტრაცია ამ ეროვნულ ამოცანაზე მოხდეს.
კონგრესმენების განცხადებებში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ კურსს თუ შეიცვლის, მოცემული შესაძლებლობები იარსებებს, ხოლო სხვა შემთხვევაში ისინი თავისუფალი სამყაროსა და საქართველოს მტრებად აღიქმებიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ რეჟიმს თავისი ბუნებით არ შეუძლია ამ კურსის შეცვლა.
რომც არ მოგვესმინა დღეს მათი პასუხები და ისევ რაიმე ბუნდოვანების შემოტანა ეცადათ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აქამდეც უქნიათ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათ ამ ამოცანების შესრულება არ შეუძლიათ. ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით - ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით“ - აღნიშნა ბოკერიამ
მისი თქმით, რუსეთის მხარდაჭერა საკვანძო მნიშვნელობისაა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების საკითხში.
„ამ მოცემულობაში საქართველოს საზოგადოებას ერთადერთი არჩევანი აქვს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების სრული მობილიზება და კონსენსუსი პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. აქ არ იგულისხმება, მხოლოდ რუსული კანონი, არამედ იგულისხმება რუსული რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებაც.
ამ ყველაფერს კი სჭირდება მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკური პროტესტის გაგრძელება, სწორედ მათი, განსაკუთრებით, ახალგაზრდების დამსახურებაა დასავლეთიდან წამოსული გზავნილებიც. შესაბამისად, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ცვლილების მხარდაჭერაში უნდა გადაითარგმნოს“ - თქვა გიგა ბოკერიამ
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.