საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპონენტების მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების თაობაზე გაკეთებული პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ვოლსკი ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას 29 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა“.

ვოლსკის თქმით, ოდირის მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე გზავნილი გაიმეორა.

„დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ… ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისთვის. როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ოდირის მისიის ხელმძღვანელმა“, – წერს ვოლსკი.