"სამშობლო ხანდახან არა კაცებსა და ზარმაცებსაც უყვართ, მაგრამ მისთვის არაფერს აკეთებენ.
სიყვარულს მხოლოდ საქმე აღასრულებს." - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"კონსტანტინე არსაკიძე "დიდოსტატის მარჯვენაში" ამბობს:
"ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს."
არსაკიძისნაირი კაცისთვის, რომელმაც ყველა და ყველაფერი დათმო უკვდავი ხელოვნებისთვის, საჭრეთლის "განზე გადადება" თვითუარყოფისა და სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ ის ერთი წამითაც არ დაფიქრდება - გაიღოს თუ არა ასეთი მსხვერპლი სამშობლოსათვის.
ყველა გულის მომკვლელი ნაკლისა თუ პრობლემის მიუხედავად, ბედნიერებაა გქონდეს ასეთი სამშობლო.
ასევე, ბედნიერება და დიდი ადამიანური სიკეთეა - ემსახურო მას.
როდესაც საქართველოს ინტერესები დევს სასწორის პინაზე, საჭრეთელი განზე უნდა გადავდოთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ, ვინ მეტს გააკეთებს ჩვენი დიდებული ქვეყნისთვის.
თვითდაკნინება, ნიჰილიზმი და უარმყოფელობა სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე დადგომაა.
არსაკიძის სიტყვები კი როგორც სამშობლოს, ისე ადამიანის მაცოცხლებელი პრინციპია.
საქართველოს სიყვარული მხოლოდ სიმღერა არ არის, ყოველდღე დილა-საღამოს რომ დაუსტვინო.
საჭირო დღეს საკუთარ ქვეყანას არ დაეხმარე? - მაშინ შენი პატრიოტობა ერთი გროშიც არ ღირს.
სვეტიცხოველს თუ ააგებ, უნდა დაიცვა კიდეც." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".