განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოისმინეს, რომელიც ახალგაზრდული სტრატეგიითა და 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულებას შეეხება.
მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ნარკოდანაშაულის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინების პრევენციის საკითხებზე და საგამოძიებო კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„4 წელზე მეტია ჩვენ ვახორციელებთ კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“ , რომლის მიზანია ნაადრევი ქორწინების პრევენცია. კოლეგა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მივდივართ სკოლებში და მოსწავლეებს ვაცნობთ ნაადრევი ქორწინების მავნე პრაქტიკის შესაძლო შედეგებს. ასევე, იმ სერვისებს, რაც სახელმწიფოს გააჩნია, როგორც ზრუნვის, ისე საგამოძიებო მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ნაადრევი ქორწინების, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიებში.
მინისტრის მოადგილემ სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრა. სამინისტროს სასწავლო პრაქტიკის, სტაჟირების პროგრამებისა და კვალიფიციური კადრების მოძიების მიზნით, არაერთ უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული მემორანდუმი.
სამინისტრო ახორციელებს საინფორმაციო-შემეცნებით პროექტს - „ემეგობრე პოლიციას“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში ეწყობა სამინისტროს ტექნიკის გამოფენა და ახალგაზრდებს პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება.
კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო.