ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოში არჩევნების საღამოს ის მასობრივ გაყალბებას აპროტესტებდა. ახლა კი არ იცის, რა თქვას, როდესაც სასამართლო სისტემა მისი ბრალდებების მტკიცებულებებს ითხოვს. შენ შეგიძლია, იყო პრეზიდენტი და ამავდროულად, იყო სასაცილო“, – წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და არ ითხოვს მტკიცებულებებს პრეზიდენტისგან. საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს“.

თარგმანი: პირველი არხი.