ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა გაფართოების შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
დოკუმენტში შეფასებულია 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას მიიღო.
პრიორიტეტი პირველი: პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით
პარლამენტის წევრთა უმეტესობამ დაასრულა პარლამენტის ბოიკოტი და პარტიათაშორისი მხარდაჭერით რამდენიმე კანონი იქნა მიღებული. პარლამენტში რეგულარულად იმართება მინისტრების მოსმენა, რომლის მიზანია, დაიწყოს პარტიათაშორისი დისკუსია განსაკუთრებით ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. გრძელდება უხეში რიტორიკის გამოყენება ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციის ინციდენტებით. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა, კომპრომისების ძიება და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან. ყველა პარტია და დაინტერესებული მხარე უნდა დაეყრდნოს ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპულ გზასთან მიმართებაში, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ნების შესაბამისად.
პრიორიტეტი მეორე: ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირების გარანტია, მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; საარჩევნო ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება, ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ამ პროცესებში
რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციები და გამოიწვია მინისტრთა მოსმენების გაზრდა. ამ ზედამხედველობის პრეროგატივების გამოყენება უნდა ამოქმედდეს, მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტების შექმნისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით „ნდობის ჯგუფში“ , რომელიც ზედამხედველობს უსაფრთხოების სამსახურებს. პარლამენტმა დაჩქარებული წესით და მოგვიანებით პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებით, მიიღო ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რამაც შეშფოთება გამოიწვია ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მთავრობამ დაამტკიცა საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2021 წელს გამოვლენილი ფართომასშტაბიანი მოსმენების ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შეიცვალა ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის ზოგიერთ რეკომენდაციასთან შესაბამისობისთვის,ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის მხარდაჭერით. მოგვიანებით, პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას, რომელიც ცვლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნისა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურას. საქართველომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიას კონსულტაციისთვის 2023 წლის სექტემბერში გაუგზავნა. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ოდირისა და ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები წინა არჩევნებიდან, ადმინისტრაციული რესურსების, დაშინებისა და ბოროტად გამოყენების შესახებ და დროულად უნდა შეასრულოს ვენეციის კომისიის მომავალი რეკომენდაციები, მომდევნო არჩევნებამდე.
პრიორიტეტი მესამე: სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე, ეფექტიანი სტრატეგიისა და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება, რომელიც ეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელი სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვის განმავლობაში, ასევე უფლებამოსილებების დანაწილების უზრუნველსაყოფად; კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და პროკურატურის, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა, აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, ყველა დონეზე, მოსამართლეთა დანიშვნისას და გენერალური პროკურორის დასახელებისას; განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
არჩეული არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. პარლამენტმა 2023 წლის ივნისში მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და 2023 წლის სექტემბერში შეიმუშავა დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ზოგიერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ივნისის ცვლილებები ეხებოდა ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას – მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურას და დამატებით საკითხებს. ვენეციის კომისიის შეფასებაში აღიარებულია, რომ სექტემბრის ცვლილებების პროექტის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთი ძირითადი რეკომენდაცია იქნება შესრულებული. კერძოდ, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ცვლილებები არ ითვალისწინებს ძირითად რეკომენდაციებს, რომელსაც ვენეციის კომისიის დასკვნები მოიცავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს შესახებ. კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას და უფლებამოსილებებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატს, მოსამართლეთა თანახმობის გარეშე გადაყვანას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გასაჩივრების ეფექტურ უფლებას.
საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის სრული და ეფექტური რეფორმა, რათა უზრუნველყოს ეფექტური დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა ყველა სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმით. უნდა იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი გენერალური პროკურორის დანიშვნის შესახებ.
პრიორიტეტი მეოთხე: ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით აღჭურვა და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა
პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ, რომელიც ზედამხედველობას და კოორდინაციას გაუწევს საქართველოს ანტიკორუფციულ პოლიტიკას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, მონიტორინგი გაუწიოს ქონებრივ დეკლარაციებს და პარტიების დაფინანსებას, მიიღოს რეკომენდაციები ინფორმატორების დასაცავად. პრემიერ-მინისტრმა ბიუროს ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით დანიშნა. საქართველომ დატოვა OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ანტიკორუფციული ქსელი. ევროკავშირმა საქართველოს სთხოვა, გააუქმოს 2023 წლის თებერვლის გადაწყვეტილება OECD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული მონიტორინგის ქსელიდან გასვლის შესახებ და სრულად განახორციელოს წინა რაუნდის რეკომენდაციები. პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის შეღავათებს. აუცილებელია 2022 წლის ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულება სამსახურის უფროსის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველომ ასევე უნდა გადახედოს კანონმდებლობას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ, ვენეციის კომისიის მომავალი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პრიორიტეტი მეხუთე: „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების განხორციელება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პირადი მიზნებისთვის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით
პარლამენტმა არ მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც „პიროვნულ“ მიდგომას ითვალისწინებს. მთავრობამ მიიღო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს, „სისტემური“ მიდგომისთვის, რომელიც ფოკუსირებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე, კონკურენციის პოლიტიკაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ფულის გათეთრებასთან ბრძოლაზე, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დაფინანსებაზე; ცვლილებებმა გააძლიერა მისი განხორციელება უფრო მკაფიო ვადებით. საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოს, რომ ყველა ძირითადი სფერო ადეკვატურად გადაიჭრება ეფექტური ზომებით და მკაფიო ინსტიტუციური მექანიზმებით. გეგმის ეფექტურად განხორციელებამ უნდა მიგვიყვანოს ხელშესახებ შედეგამდე. სწრაფად უნდა ამოქმედდეს კოორდინაციისა და მონიტორინგის ინკლუზიური და ძლიერი მექანიზმი, რომელიც ასევე საშუალებას მისცემს, დროულად გადაიხედოს და შეივსოს გეგმა საჭიროების შემთხვევაში.
პრიორიტეტი მეექვსე: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, კერძოდ, ზედმწევნითი გამოძიების, სამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენის სანდო ისტორიის უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა
მთავრობამ მიიღო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველომ გააძლიერა თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. პარლამენტმა გაიარა კონსულტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შესაბამის აღმასრულებელ უწყებებს 76 რეკომენდაცია გაუგზავნა ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ადამიანებით ვაჭრობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის განსახორციელებლად. მთავრობამ 2023 წლის 3 ოქტომბერს მიიღო ანგარიში საქართველოშიფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების შესახებ. ევროპის საბჭოს Moneyval-ის რეკომენდაციების განხილვა უნდა გაგრძელდეს.
პრიორიტეტი მეშვიდე: უფრო მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო, თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და მიუკეძოებელი, ეფექტური, დროული გამოძიების დაწყებას ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების მიმართ საფრთხის შემთხვევაში
პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი ციხიდან გაათავისუფლეს. საქართველომ მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისის დირექტივის (AVMSD) ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით ძალადობისა და სიძულვილის არწაქეზების საკითხებსა და არასრულწლოვანთა დაცვას. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა მედიის მარეგულირებლის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მედია სექტორთან ნდობის დასამყარებლად. განხილვის პროცესშია პირველი წინადადება მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გამოიძიოს ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარის შემთხვევები.
პრიორიტეტი მერვე: სწრაფი მოქმედებაა საჭირო მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის დამნაშავეებისა და ძალადობის წამქეზებელთა სასამართლოს წინაშე უფრო ეფექტურად წარდგენით
მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია. სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს კომენტარები, კერძოდ, ყველა მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გასაძლიერებლად. 2023 წლის 1 ნოემბერს დაწყებული სამოქალაქო საზოგადოების კონსულტაციებით ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი მზადდება. 2023 წლის Pride-ის მთავარი ღონისძიება გაუქმდა, რადგან ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს. 2023 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო შესწორებები შეკრების შესახებ კანონში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა გამოხატეს შეშფოთება ამ კანონის მიმართ და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. საქართველომ უნდა გააგრძელოს გამოძიება 2021 წლის პრაიდის ღონისძიებაზე ძალადობის წამქეზებელთა წინააღმდეგ. საქართველომ უნდა დაასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა ახლად დაწყებული საკონსულტაციო პროცესის შემდეგ, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და დაიწყოს მისი განხორციელება.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესრულებულია კიდევ ერთი, მეცხრე პრიორიტეტი: ძალისხმევის კონსოლიდაცია გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრიორიტეტი მეათე: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე
12 პრიორიტეტზე მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSOc) შეეძლოთ, დასწრებოდნენ შეხვედრებს და კითხვები დაესვათ სახალხო დამცველის კანდიდატებსთვის. მარტში პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რეესტრის შექმნის კანონპროექტი და მოგვიანებით, დიდი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ უკან გაიწვია. ივლისსა და სექტემბერში მმართველმა პარტიამ, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 12 პრიორიტეტის განხორციელების შესახებ ინკლუზიური კონფერენციები გამართა, რათა განეახლებინა კონსტრუქციული ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. 2023 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის. სტრუქტურირებული ჩართულობა და დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველა დონეზე, მათ შორის მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეფექტურად და მნიშვნელოვნად ჩაერთონ პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველომ ასევე თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება, შეაფერხოს ან შეზღუდოს ასეთ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობა.
დოკუმენტის თანახმად, ასევე შესრულებულია:
პრიორიტეტი მეთერთმეტე: კანონმდებლობის მიღება, რათა ქართულმა სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
პრიორიტეტი მეთორმეტე: ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
თარგმანი: "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი"