„ჩინეთს, რომელიც არის გლობალური მოთამაშე, გააჩნია საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური წონა“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთის არის ის ფაქტორი, რომელიც ზრდის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„ჩინეთს, რომელიც არის გლობალური მოთამაშე, გააჩნია საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური წონა. ის ორგანულად არის დაინტერესებული, ეს მარშრუტი იყოს უსაფრთხო და ამ გზაზე იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ამ პოლიტიკურ მდგენელებს ახლავს, არის ტექნოლოგიური მომენტი. ეს სარტყელი, რომელიც ერთი გზის სარტყელს გულისხმობს, ასევე გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ციფრულ რეჟიმში, ანუ ტექნოლოგიების ტრანსფერზეც არის საუბარი. წარმოიდგინეთ, ტექნოლოგიების სარტყელი, მშვიდობა და უსაფრთხოება - ეს ყველაფერი იწვევს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას. კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება არ არის მხოლოდ მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება. ეს არის უსაფრთხოების, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და სტაბილურობის გაუმჯობესება. როდესაც ისეთი გლობალური მოთამაშე, როგორიც არის ჩინეთი, დაინტერესებულია რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მე კიდევ ხაზს გავუსვამ, რომ ამ შეხვედრებზე [საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტისას] უკვე ითქვა, რომ ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. როდესაც ისეთი დიდი გლობალური მოთამაშე, როგორიც არის ჩინეთი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესი და მხარს უჭერს ჩვენს ამ მისწრაფებას, ეს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისათვის არის დიდი ხელშემწყობი ფაქტორი. გარდა ამისა, იქ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებითა და ეკონომიკის განვითარებით. ესეც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია იმიტომ, რომ მარტო ჩვენ კი არ გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა, ეს გლობალური მოთამაშის ინტერესებშია.
თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ და მარტო საქართველოს ავიღებთ, როდესაც ის არ არის ჩართული გლობალურ პროცესებში, ჩვენი როლი ძალიან მცირეა, მაგრამ, როგორც კი, ერთვება ამ პროცესებში, ეს იქნება - ერთი სარტყლის პრინციპი, აბრეშუმის გზის პროექტში ჩართვა, ევროკავშირთან ციფრული, ენერგეტიკული თუ სხვა ტიპის დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა და ა.შ. - ანუ, როგორც კი გავხდებით გლობალური პროექტების მონაწილე, ჩვენი გლობალური როლი, პოლიტიკური და ეკონომიკური წონა იზრდება.
ჩინეთის არის ის ფაქტორი, რომელიც ზრდის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას და მსოფლიოს წესრიგში, ჩვენც გარკვეული როლი გვენიჭება. ანუ ჩვენც გვეთქმის სიტყვა იმ მსოფლიო წესრიგში, რომელშიც ამ გლობალურ პროექტების გარეშე, საქართველოს არავითარი მონაწილეობის მიღება არ შეუძლია და არც მის ინტერესს დიდად ვინმე გაითვალისწინებს“, - განაცხადა სეფაშვილმა.