ამერიკული FARA-ს მეშვეობით ჩვენ დავადასტურეთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ვიცოდით, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი იყო გადახდილი იმ ფეიკკამპანიის საწარმოებლად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაცია გაცილებით მეტს საუბრობს არა მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე, არამედ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების მხრივაც კი აქტიურად მუშაობდა სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კამპანია.
„ამაში ჩართული იყვნენ როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები. პიარკამპანია და ლობისტური საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ, სულ მცირე, საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულიყო, ხოლო უფრო დიდი გათვლა მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაეწესებინათ სანქციები და საბოლოო ჯამში, საქართველო ჩართულიყო მეორე ომში. თუმცა, მათ ეს არ გამოუვიდათ. მათმა პოლიტიკამ განიცადა კრახი. სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირება, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება, სანქციების თავის არიდების მცდელობაში საქართველოს დადანაშაულება, მეორე ფრონტის გახსნა – ყველაფერი ეს ჩაეყარათ წყალში და ახლა სხვა არაფერი აღარ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თუთიყუშებივით იმეორონ – რუსულია, რუსეთუმეა, რუსული პოლიტიკაა და ასე შემდეგ. მეტი არგუმენტი არ გააჩნიათ“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკული FARA-ს მეშვეობით გამჟღავნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ამის შესახებ უცხოეთიდან მიღებული სახსრების გამჭირვალობის შესახებ კანონის არსებობა
„ეს კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, როგორ შეიძლება, გაიშიფროს ამა თუ იმ რადიკალური თუ ექსტრემისტული ძალების რეალური და ფარული ზრახვები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პანიკის საფუძვლიანობას, სწორედ ამიტომ ჩავარდა მთელი მაშინდელი მათი რადიკალური ნაწილი პანიკაში, რომ საქართველოშიც მსგავსი კანონი არ მიღებულიყო, რადგან ამ ინფორმაციის გარდა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და ცხადი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.