ჩვენს წერილში აშკარა ფაქტებია მოყვანილი, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნები ამოძრავებთ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მოქმედ ძალებს.
„ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში - ჩვენ ხაზს ვუსვამთ გლობალური ომის პარტიის იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების წინააღმდეგ და რომლის ერთადერთი მიზანიც, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის „უკრაინიზაცია“ ანუ ქვეყნის ომში ჩართვაა. ამისკენაა მიმართული ყველა მცდელობა. იგულისხმება პოლარიზაციის გაღრმავება და ამ ყველაფრის რადიკალიზმსა და ექსტრემიზმში გადასვლა, ისტერიული ფეიკ კამპანიაა, რომელიც მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაჯგუფების ფინანსების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონოდა. ჩვენ ეს ინფორმაცია გავაანალიზეთ და საზოგადოებას შევთავაზეთ. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა - ის, როგორც ყოველთვის, სწორ დასკვნას გამოიტანს და სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.