რეპრესიული პოლიტიკის განხორციელება აქვთ ჩაფიქრებული - გაგრძელება იქნება - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნას გამოეხმაურა.
„პროცესებს, რომელიც წინ უძღოდა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის მიღებას, შემდეგ უკან გაწვევას, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის შიგნით რთული პროცესები მოჰყვებოდა. ეს ასე უკვალოდ ვერ ჩაივლის. ამის გაგრძელება კიდევ იქნება. ამ ყველაფრის გამოხატულებაა, სამთავრობო გუნდში ეს ერთი ფრაგმენტული ცვლილება.
დღეს, ხელისუფლებამ ყველაზე რთული პრობლემა დაინახა, ქუჩაში გამოსულ თავისუფალ ადამიანებში, სტუდენტებში. აქციაზე ბევრი უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ, როგორც ჩანს ძალიან ვიწროდ მოახდინეს ამ პრობლემაზე ყურადღების კონცენტრირება. იფიქრეს, რომ ახლა საჭიროა ამ საფრთხის ლოკალიზება, რომელიც უნივერსიტეტებიდან მოდის. რეპრესიული პოლიტიკის განხორციელება აქვთ ჩაფიქრებული. ასე იკითხება ამ ცვლილებით. განათლების და მეცნიერების მოქმედი მინისტრი შეიძლება ჩათვალეს, რომ მეტისმეტად რბილია, იმ პოლიტიკის გასატარებლად, რაც ჰგონიათ, რომ ამ პრობლემას უშველის“, - განაცხადა ბესელიამ.