საკმაოდ მძიმე იქნება თუ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პრემიერობით წარდგება, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა აჩერებდე არჩევანს ირაკლი კობახიძეზე, თუკი მიზანია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს უკეთეს ფორმაში შეხვდეს.
„სამწუხაროდ, არჩევნების წელს, ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, საკმაოდ მძიმე იქნება თუ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პრემიერობით წარდგება, რადგან სტრატეგიულ ურთიერთობაში ყველაზე მძიმე განცხადებებით კობახიძე გამოირჩეოდა. თუ ლოგიკა არის ის, რომ მმართველი პარტია უკეთეს ფორმაში შეხვდეს არჩევნებს, მაშინ, რატომ უნდა აჩერებდე არჩევანს კობახიძეზე, გაუგებარია, თუ არა ერთი რამ - ივანიშვილს ამოეწურა ნდობის ლიმიტის მქონე ადამიანური რესურსი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, მისი „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს პარტიის შიგნით კობახიძე არავის უყვარდა და მას კონფლიქტები ჰქონდა საკუთარ თანაპარტიელებთან.
„პირველ ეტაპზე ივანიშვილს ხშირად უწევდა ამ კონფლიქტების ჩაცხრობა, რადგან კობახიძე ვერ ახერხებდა კომუნიკაციას თანაპარტიელებთან, ერთ- ორჯერ ხელითაც კი გაიწიეს მისკენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კობახიძეს შიგნით ავტორიტეტი არ ჰქონდა.
კონფლიქტების კერას ქმნიდა, იმიტომ, რომ ურთიერთობა უჭირდა. ვერ ურთიერთობდა, როგორც პოლიტიკოსი. პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მაშინაც კი, რთული იყო კომუნიკაცია აეწყო. ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვისაც და პარტიისთვისაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, პარტიაში ახლაც არიან თუ არა ის ადამიანები, ვისთანაც კობახიძეს კონფლიქტი ჰქონდა, ბესელიას თქმით, „იქ არავინ არ არის ასეთი“.
„არ მინდა გავიხსენო როგორ მოიხსენიებდა წულუკიანს. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს ირაკლი კობახიძის კაბინეტში თეა წულუკიანი. წულუკიანმა კარგად იცის როგორ საუბრობდა კობახიძე მასზე, როდესაც წულუკიანის დიპლომის თემა იდგა საკითხად. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსგავსი რაღაცები. ქვეყანაში ისეთი დაბალი დონის პოლიტიკა და მართვის გაუგებარი ფორმაა, რომ არაფერი არ უნდა გვიკვირდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.