ეს რეზოლუცია ჩემი აზრით, არის არაფრისმომცემი...რეზოლუციაში, სადაც არის ლაპარაკი სააკაშვილის ჰუმანური მოსაზრებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე - აქ დამთავრდა ყველაფერი - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

„ეს რეზოლუცია ჩემი აზრით, არის არაფრისმომცემი. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" არალეგიტიმურობა და ამაზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ არის ისეთი დეტალები, რომელიც მხოლოდ "ოცნების" პროპაგანდისთვის იქნება სასარგებლო. ვერ შეასრულებს ამას მთავრობები, ცალკეული ქვეყნები არ გააკეთებს იმას, რომ ამხელა სიაში ყველა დაასანქციროს. არცერთი ქვეყნის მიმართ ასეთი რაღაც ევროკავშირს არ გაუკეთებია. ამხელა უკიდეგანო სიას რომ აძლევ, ამდენი დასანქცირებული არავის არ ჰყავს მსოფლიოში. რეზოლუციაში, სადაც არის ლაპარაკი სააკაშვილის ჰუმანური მოსაზრებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე - აქ დამთავრდა ყველაფერი. რა გახდა, რომ ეს თემა არ წამოწიონ, ეს თემა კონფრონტაციის შემომტანია,"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტმა, დღეს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ "საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".

არის მოწოდება აქციების დროს დაკავებულთა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე. ახალ დოკუმენტში გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ შორის მოხვდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია მფლობელები. ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა.