პატარა ნიუსანსია, მაგრამ როგორც ძველად იტყოდნენ, მუშა.
ხელისუფლება არის ერთი, ოპოზიცია კი ბევრი და ჭრელი. ხელისუფლებას შუეძლია შეიმუშაოს ერთი მესიჯბოქსი, ჩამოარიგოს ესემესებით როგორც პარლამენტის და მთავრობის წევრებში, ისე თავის ექსპერტებში, აქტივისტებში და ტროლ-ბოტებში, რომლებიც მერე სამი ტელევიზიიდან ილაპარაკებენ ერთ ხმაში და სოციალურ ქსელებშიც ერთსა და იგივეს დაპოსტავენ. - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


"ოპოზიციაში მსგავსი რამ "ფიზიკურად" ვერ მოხდება, რადგან ოპოზიცია არ არის ერთი ორგანიზაციული სტრუქტურა და შესაბამისად იქ არის განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად ვიღაც შეიძლება არჩევნების გზით ფიქრობდეს ხელისუფლების შეცვლას, ვიღაც კი დარწმუნებული იყოს, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებით არ წავა, ვიღაც მომხრე იყოს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებისა, ვიღაც კი ამას ხელისუფლების ლეგიტიმაციად მიიჩნევდეს, ვიღაც მემარჯვენე იყოს, ვიღაც მემარცხენე, ვიღაც უფრო კონსერვატორი, ვიღაც უფრო ლიბერალი  და ა.შ და ა.შ. 


აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ თემებზე ბუნებრივია და არაფერი ამაში თითქოს ტრაგიკული არ უნდა იყოს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ პოლარიზებულ ატმოსფეროში, როცა მხოლოდ ორი ფერი ფიგურირებს, ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული პოზიციები ერთის მხრივ თავად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მიერ აღიქმება ნეგატიურად ("ესენი ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და ქვეყანას რას უშველიან?"), მეორეს მხრივ კი ამით მუდმივად სარგებლობს ხელისუფლება, რომელიც იღებს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფის ან პერსონის რაღაც განცხადებას და წარმოაჩენს მას ზოგადად ოპოზიციის პოზიციად.


ასეთი ტიპის პროპაგანდას საკმაოდ ეფექტურად იყენებდა სააკაშვილის ხელისუფლება, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრის პრეტენზიებს აიგივებდა გაზეთ "ასავალ-დასავალის" პათოსთან (ქართველობას გვართმევენ, ეკლესიებს ანგრევენ, სანდრა ორგანოებს ყიდდა და ა. შ.). ახლაც, ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა წარმატებით აგრძელებს ამ სახელოვან ტრადიციას და ვთქვათ თუკი რომელიმე ოპოზიციონერი ან ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტი იტყვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ამავე ხელისუფლების ინტერესებშიაო, სახელისუფლებო პროპაგანდა მთელი თავისი სიმძლავრეებით იყვირებს, რომ ქვეყნის მოღალატე ოპოზიცია იბრძვის კანდიდატის სტატუსის ჩასაგდებად. ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ვთქვათ მეორე ოპოზიციონერი სრულიად საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს, რადგან იმ ხალხს, ვინც ასე თუ ისე სახელისუფლო პროპაგანდის მსმენელია, განსხვავებული აზრის ოპოზიციონერის ხმა ან არ ესმის, ან იმდენად სუსტად ესმის, რომ ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევს. მსგავსი რამ საკუთარ თავზე მაქვს არაერთხელ გამოცდილი წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველა ნაცი მიმტკიცებდა, შენ კი არა გუბაზ სანიკიძე რასაც ამბობს ისაა ოპოზიციის აზრიო, სხვათა შორის დღეს ქოცებიც ზუსტად იგივეს მეუბნებიან. 🙂 


რა შეიძლება ეშველოს ამ ამბავს? არსებითად მსგავსი პროპაგანდა არაეფექტური ხდება მხოლოდ ორ შემთხვევაში: ა) ოპოზიციას ძირითადად უნდა წარმოადგენდეს ერთი ძალა, რომელიც ხელისუფლებაზე სიმპატიურად გამოიყურება და ბ) თავად ოპოზიციურ სპექტრში მკაფიოდ უნდა ფიქსირდებოდეს  განსხვავებები. ეს უკანასკნელი გულისხმობს ოპოზიციურ ძალებს შორის კამათს, პოლემიკას და ზოგჯერ დაპირისპირებასაც კი, რასაც არც ქართული ოპოზიცია არაა მიჩვეული და არც ქართული საზოგადოება. ოპოზიციონერები ყოველთვის ერიდებიან ერთმანეთთან კამათს და როცა მაინც კამათობენ ხოლმე, ძირითდად იმაზე, თუ ვინაა ჭეშმარიტი ოპოზიცია და ვინ მიეყიდა ხელისუფლებას. სხვანაირად რომ ვთქვა, ოპოზიცია პოლარიზაციაში აყოლილია ხელისუფლებას და თავადაც ხელს უწყობს პოლიტიკური ვითარების შავ-თეთრ ფერებში დახატვას, რითაც საბოლოო ჯამში თავადვე ზარალობს.
თუმცა, ახლა, როდესაც არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ოპოზიციურ ძალებს შორის კამათი და დაპირისპირება  მხოლოდ დაასუსტებს ყველა ოპოზიციურ აქტორს, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, საზოგადოებისთვის ეს ძალიან უჩვეულოა და პირველადი აღქმა აუცილებლად ნეგატიური იქნება. ოპოზიციური სპექტრის მრავალფეროვნებას რომ საზოგადოება შეეჩვიოს, ამას ჭირდება წლები, 2024 წლის არჩევნებამდე კი ეს ნამდვილად ვერ მოესწრება.
რაც შეეხება პირველ ვარიანტს, დომინანტი ოპოზიციური ძალა საქართველში ბოლო დრომდე იყო ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის წარმატებით ახერხებდა მთელი ოპოზიციური სპექტრის ნაცებად წარმოჩენას, რაც უზრუნველყოფდა მის საბოლოო გამარჯვებას (თავად დანარჩენი ოპოზიციაც რომ უწყობდა მას ამაში ხელს, ეს კიდევ ცალკე ამბავია). სანამ ნაცმოძრაობა იქნება ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლის რეიტინგი არის ორნიშნა, რაც არ უნდა იჩალიჩონ სხვა პარტიებმა, სახელისუფლო პროპაგანდა მათ ყველა ვარიანტში წარმატებით "გაანაცებს", რადგან ტრადიციულად ხალხის თვალში ყველაზე რეიტინგული  ძალა რომელიცაა, სწორედ ისაა "ნამდვილი" და "ჭეშმარიტი" ოპოზიცია.
აქედან გამომდინარე სხვა არანაცი პოლიტიკური ძალების ამოცანა მოცემულ ეტაპზე უნდა იყოს არა იმდენად მესამე თუ მეოთხე ძალის შექმნაზე ზრუნვა (რაც შეუძლებელი იქნება სანამ ნაცმოძრაობაა ყველაზე რეიტინგული პარტია), არამედ მეორე პოლუსის ჩანაცვლება, ანუ ისეთი ძლიერი გაერთიანების შექმნა, რომელსაც ექნება ნაცმოძრობის ტოლფარდი რეიტინგი და რომელსაც ასევე ექნება უნაცებოდ გამარჯვების პრეტენზია. თუ ასეთი პოლუსი ვერ შეიქმნება, შანსი იმისა, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში ოცნება კვლავ შეინარჩუნებს ერთპიროვნულ ძალაუფლებას, საკმაოდ რეალურია.
P. S. შეიძლება ვიღაცას იმის იმედი, აქვს. რომ ხელისუფლება ბარიერს დაწევს და პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრის ხარჯზე რაღაც სახელისუფლო კოალიციის მაგვარი შეკოწიწდება, მაგრამ რატომ აქვს ამის იმედი, მე გულახდილად რომ ვთქვა, არ ვიცი. არცერთი ხელისუფლება მსოფლიოში არასდროს აკეთებს იმას, რაც მას არ აწყობს ან როგორც მინიმუმ, არ უღირს. ბარიერის დაწევის მოთხოვნით კი არც რევოლუცია მოხდება და არც ბიძინას არ დაადებს არავინ სანქციას, ამიტომ ეს დაივიწყეთ." - წერს დავით ზურაბიშვილი.