უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს და ამიტომ მოიწვია დღეს რიგგარეშე ბიურო, რომ ომბუდსმენის პოსტზე სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ - მიდიან ხელის გადაგრეხის პოლიტიკით, ბიუროს რიგგარეშე სხდომა შუა კვირაში გახსენდებათ ოდესმე? - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ბიუროს რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ოფიციალურად წარედგინა.
მისი თქმით, კანონი კი რაიმე ვადებს არ აწესებს, თუმცა, უმრავლესობას სურს პროცესი დახუროს.
„უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს და ამიტომ მოიწვია დღეს რიგგარეშე ბიურო, რომ სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ და გვეუბნებიან, აბა, რა ვქნათ, სხვა არავინ დასახელებულა და მორჩა პროცესიო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აქ კანონი არანაირ ვადებს არ აწესებს, შევთავაზე უმრავლესობას, გადაგვედგა გონივრული ნაბიჯები, პოლიტიკურ ჯგუფებს დაგვედგინა 7-10 დღიანი ვადა, რომ დაგვესახელებინა კანდიდატი, მაგრამ მიდიან ხელის გადაგრეხის პოლიტიკით. ბიუროს რიგგარეშე სხდომა შუა კვირაში გახსენდებათ ოდესმე? ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ამ ერთი კანდიდატის განხილვა მოასწროს და სხვა ვერავინ ვერაფერი მოასწროს. მე არ ვიცი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს და მოსწონს, რანაირად შეიძლება ამას მხარს უჭერდეს?"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა.