„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, თინა ხიდაშელი შვიდი წელია, რაც „სამოქალაქო იდეასთან“ ერთად აქტიურობს და ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს იმ თემაზე, რაც ახლა ხელისუფლებისთვის ძალიან მწვავეა.
„ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი მოაწერა, სადაც საქართველოს ოკუპაციის აღნიშვნა არ გახსენებია და ვიღაცას უნდა, რომ სრულიად უსუსური არგუმენტები დააკავშიროს ერთმანეთთან. დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. ამას მთელი მსოფლიო უყურებს. ორი კვირის წინ კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და ასეთი ევროპის დემოკრატიებში იშვიათად ტარდება იმისგან განსხვავებით, რაც პეკინში ხდება. ხელისუფლებას დიდი ხნის გამოკვეთილი ტენდენცია აქვს, რომ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერა გამოხატოს და არა დემოკრატიული პროცესების. ტაივანი თავად ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე თვითმმართველი ერთეული თავისი პრეზიდენტით და პარლამენტით. ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა აღიაროს, დანარჩენი ქვეყნების შიდა საქმეებია. ასეთი მდარე სპეკულაციებით დროს რატომ კარგავენ? ტაივანიდან კონფერენციის დაფინანსება ოთხი თვის წინ მოხდა. „სამოქალაქო იდეა“ ჩინური კომპანიებისა და ჩინური გავლენების თემაზე შვიდი წელია, მუშაობს. როგორ შეიძლება, ერთმანეთთან დაკავშირდეს? ვინც ჩინეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ტაივანთან ურთიერთობა აკრძალული აქვს ან ტაივანში ჩასვლა ეკრძალება? ტაივანის ხსენება ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს?“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. „მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“