ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და უნდა ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ და ეს აუცილებლად მოხდება, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში.
"საქართველოს დიდი მეგობრის შარლ მიშელის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ევროკავშირში, ევროპული სტანდარტების მომავალში. ერთადერთი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება და ეწინააღმდეგება, ეს არის თავგზააბნეული „ქართული ოცნება“. როცა საქართველოს ეს უნიკალური შანსი გაუჩნდა, მათმა უგუნურმა პოლიტიკამ ჩვენი წინსვლა სერიოზულად შეაფერხა და კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი სრულიად ცალსახად გვეუბნებიან, რომ ისინი მზად არიან, საქართველო იხილონ ამ დიდ ოჯახში უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თავისუფლების და ყველაფერი კარგის თვალსაზრისით, რაც კი შეიძლება საქართველოს მოქალაქემ ინატროს. „ქართულ ოცნებას“ კი ამისი ეშინია, რადგან თავისუფლების და თავისუფალი მოქალაქის ეშინია, რადგან ევროპა სწორედ თავისუფალ მოქალაქეზე დგას და არა ვინმე მესიებსა და მხსნელებზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და უნდა ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.