ძალიან ბევრი მადლობა მოვისმინეთ და ეს ხალხი მადლობას რისთვის გიხდიან, ვერ ვხვდები - აბა ერთი, გადით (რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე) და იმ საცობში გაჭედილ ადამიანებს კითხეთ, მადლიერია თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და მინისტრის, რომელიც ამხელა თანხას ხარჯავს და დღესაც ვერ გვეუბნება კონკრეტულად (როდის იქნება გზა),- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს „მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.
მისი თქმით, მინისტრმა კონკრეტულად უნდა თქვას, როდის დაიწყება და დამთავრდება აღნიშნული გზა.
„გაკვრით ახსენეთ, რომ თბილისი-რუსთავის გზა იქნებაო. როდის იქნება, რამდენია ბიუჯეტში გაწერილი, სად არის ბიუჯეტში გაწერილი, 2024 წლის ბიუჯეტი შემოსულია და იქ თბილისი-რუსთავის გზის შესახებ არაფერი არ წერია. თანხა მოძიებული იყო, დაფინანსებულიც იყო ეს პროექტი და იმის გამო, რომ ასე გააჯანჯლეთ და ათ წელზე მეტი გავიდა, დონორმა ეს თანხა უკან წაიღო. ახლა, ამის დაფინანსება ბიუჯეტიდან მოგვიწევს, მაგრამ ბიუჯეტშიც რომ არ დევს ეს თანხა, ესაა საქმე, რაზეც გელაპარაკებით და აქ მადლობით იღვრება უმრავლესობის წარმომადგენლები. აბა ერთი, გადით იმ გზაზე და იმ საცობში გაჭედილ ადამიანებს კითხეთ, მადლიერია თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და მინისტრის, რომელიც ამხელა თანხას ხარჯავს და დღესაც ვერ გვეუბნება კონკრეტულად [როდის იქნება ეს გზა]. აი, კონკრეტულად გვითხარით რა თანხა ჯდება ამ გზის დასრულება, თბილისი-რუსთავის გზას ვგულისხმობ. როდის დაიწყებთ და როდის დაამთავრებთ. შეგიძლიათ, კონკრეტულად ეს ერთი რამე მაინც რომ გვითხრათ, რომელსაც მერე შეასრულებთ ოღონდ“,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.